“მაგათ თავის პარტიაში ხომ არ ვერევი?!” – დადის თუ არა თაკო ჩარკვიანი ოპოზიციურ შეკრებებზე?

დადის თუ არა თაკო ჩარკვიანი ოპოზიციურ შეკრებაზე? – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თაკო ჩარკვიანი შეხვედრებზე ისევ დადის. არადა თაკო ჩარკვიანს გაცხადებული ჰქონდა, რომ მან ის ფორმატი დატოვა. მიზეზად კი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი დაასახელა და აღნიშნა, რომ როგორც მინიმუმ ამ ვიზიტის შესახებ ის ინფორმირებული უნდა ყოფილიყო.

აღნიშნული განცხადებები „აიპრესთან“ ოპოზიციის ორმა ლიდერმა გააკეთა. ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ ე. წ. შავი სიების შესახებ საუბრისას თქვა, რომ სხვებთან ერთად თაკო ჩარკვიანიც მონაწილეობს.

“გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში ამაზე ცალკე მსჯელობა არ ყოფილა, რახან ახალი ფორმატი შედგა, ბევრად უფრო ფართე, ვიდრე ეს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ იყო, ამიტომ კონსულტაციების ამ რეჟიმში გადავერთეთ. ამაში პრაქტიკულად ყველა პარტია მონაწილეობს, მათ შორის ქალბატონი თაკო ჩარკვიანიც. ბუნებრივია იქ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს და იარსებებს კიდევაც”, – განაცხადა გია ბარამიძემ 8 იანვარს. (მასალა “აიპრესზე” იმავე დღეს გამოქვეყნდა ავტ:).

შემდეგ კი, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემაც თქვა, რომ შეხვედრაში თაკო ჩარკვიანი ისევ მონაწილეობს.

“ისევ მონაწილეობს თაკო ჩარკვიანი ამ მოლაპარაკებებში. ფაქტია, რომ მონაწილეობს. მე როცა ვიყავი… იქ არის ხოლმე ის ან მისი პარტიის წარმომადგენელი”, – გვითხრა სერგი კაპანაძემ 17 იანვარს. (მასალა “აიპრესზე” 20 იანვარს გამოქვეყნდა. არსებობს ინტერვიუს ამ ნაწილის ვიდეოვერსიაც ავტ:).

ვინ ამბობს სიმართლეს და დადის თუ არა თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის შეხვედრებზე? – ამ კითხვით მივმართეთ პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელს თაკო ჩარკვიანს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

_ თქვენ მუდმივად საუბრობთ, რომ აღარ დადიხართ იმ შეხვედრებზე, რომელიც სრული ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით იმართება. მე ვესაუბრე რამდენიმე ლიდერს, ისინი სხვა რამეს ამბობენ. მათ შორის გია ბარამიძე და სერგი კაპანაძე.

_ არცერთი შეხვედრა არ ყოფილა. გია ბარამიძეს ვესაუბრე და მან თქვა, რომ „ძალა ერთობაშია“ ფორმატზე ისაუბრა. როდესაც მე გავაკეთე განცხადება, რომ პროპორციულის გარდა სხვა საკითხებზე საუბარს არ ვაპირებ, ვინაიდან ლაპარაკი გადავიდა სხვა საკითხებზეც, მე წამოვედი.

_ დავაზუსტებ კითხვას და მერე მიპასუხეთ. გია ბარამიძემ ე. წ. შავი სიების საუბრისას თქვა, რომ სხვა პარტიებთან ერთად თაკო ჩარკვიანიც არის ჩართულიო. სერგი კაპანაძეს კი ბურჯანაძის და საგარეო ორიენტაციის შესახებ ვესაუბრე და თქვა, რომ ან თაკო ჩარკვიანი დადის, ან მისი პარტიის წარმომადგენელიო. ვის უნდა დავუჯეროთ თქვენ თუ ამ პოლიტიკოსებს?

_ არავის არ უნდა დაუჯეროთ, კადრებს უნდა დაუჯეროთ. ჟურნალისტები არიან იქ და ვინმემ მნახა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ იმ შეხვედრაზე?! ჩვენ პროპორციულის თემაზე რამდენიმე შეხვედრაზე ვიყავით, მაგრამ მას შემდეგ რაც განცხადება გავაკეთეთ, ასეთი შეხვედრა არ ყოფილა. ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეგვეწყვიტა მონაწილეობა იმ მოლაპარაკებების ფორმატში. გადაწყვეტილებებს პარტიაში მარტო არ ვიღებ. შევიკრიბეთ პარტიის წარმომადგენლები და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

_ ანუ ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ აღარ ყოფილხართ იმ შეხვედრებზე?

_ იმ განცხადების შემდეგ ერთი შეხვედრა არც ყოფილა და არც იქნება. დოკუმენტზე არ მქონია ხელი მოწერილი, გამოვედი და გავაკეთე განცხადება, მეტი რა გავაკეთო? ყველა არხზე ვიყავი და ვისაუბრე ამაზე.

_ სერგი კაპანაძე სიმართლეს არ ამბობს?

_ არ ვიცი. რატომ იტყვის არასწორს, არ ვიცი. არ მომისმენია მისი განცხადებისთვის. შეიძლება იმ განცხადებამდე შეხვედრაზე რომ მნახა ის აღიქვა. რაც განცხადება გავაკეთეთ, ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იმ შეხვედრაზე არ ყოფილა. სასამართლოებზე რა თქმა უნდა დავდივართ. იცით, რომ ჩვენი აქტივისტებიც დააკავეს.

გამორიცხულია! მაგათ თავიანთ პოლიტიკურ პარტიებში ხომ არ ვერევი, ერთს რომ ამბობენ და მეორეს რომ აკეთებენ. ბოკერიას განცხადება აქვს გაკეთებული, რომ ჩვენ მხოლოდ პროპორციულის თემაზე ვხვდებითო. სად არის ეს პირობა? ეგენი არიან მიჩვეულები რაღაც სიტყვების შეცვლას.

ივანიშვილს რისთვის ვებრძვი? ვეუბნები, რომ ქვეყანა რუსული ვექტორისკენ მიგყავს-მეთქი. გინდა ისევ საბჭოური სისტემა-მეთქი და ვეუბნები რომ კორუფციაში იხრჩობა ეს ქვეყანა! იმ შეხვედრაზე რამდენიმე ადამიანია ასეთი და რაზე უნდა ველაპარაკო მათ?! იგივე ტროლთა ქარხნის დაფინანსებაზე რომ ვუყენებ პრეტენზიას ივანიშვილს, ასეთივე ტროლთა ქარხნის დამფინანსებლები არიან რუსეთის ვექტორის ლიდერები. ასეთი ნარატივის საიტებს და გაზეთებს აფინანსებენ და ერთ-ერთი მაგიდასთან ზის. იმასთან რა პოლიტიკურ თემებზე უნდა ვილაპარაკო?!

პროპორციულთან დაკავშირებით კი ბატონო, დავჯექი და კიდევ დავილაპარაკებ. მხოლოდ ამ საკითხზე.

_ ანუ, მზად ხართ პროპორციულის თემაზე ისევ დაჯდეთ ბურჯანაძესთან ერთ მაგიდასთან?

_ არა. გამორიცხულია. მოლაპარაკებების მაგიდას არ დავუბრუნდები. გავაკეთეთ განცხადება, რომ მხოლოდ პროპორციულის თემაზე სალაპარაკოდ დავსხედით და ვინაიდან ეს გადავიდა სხვა საკითხებზე, ჩვენ იქ აღარაფერი გვესაქმება. პიკეტირებაში ვმონაწილეობთ. დილის 7 საათზე პიკეტირება რომ იყო, იქაც ერთ-ერთი დომინანტი იყო ჩვენი პარტია და მისი წარმომადგენლები. გიორგი ვაშაძე დამემოწმება ამაში. პიკეტირებაში მონაწილეობას ისევ მივიღებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად