M2-ის დირექტორი: უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც ჯანსაღი ბიზნესგარემოს დამსახურებაცაა

“თიბისი ბანკით” მთავარი პროკურატურის დაინტერესების შემდეგ, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ მმართველი ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლას ახდენდ და ავიწროებს.

“აიპრესთან”  M2-ის დირექტორი ირაკლი ბურდილაძე  უარყოფს ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა.

“მე შემიძლია ვისაუბრო იმ სფეროს გადმოსახედიდან, რომელშიც ჩვენი კომპანია მოღვაწეობს. რაც ქვეყანაში ხდება, მხოლოდ პოზიტიური ძვრებია. მაგალითად, დაიხვეწა რეგულაციები რომელსაც ჩვენ მივესალმებით. ამ რეგულაციამ  გამოიწვია უსაფრთხოების ნორმების ამაღლება, ანუ პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება იმაში, რომ იქმნება უფრო თანაბარი კონკურენცია, რაც აჯანსაღებს ბიზნეს გარემოს. ამის გარდა, ალბათ თვალს ადევნებთ საერთაშორისო რეიტინგული კომპანიების შეფასებებს, რომელიც საკმაოდ პოზიტიურია საქართველოსთან დაკავშრებით. ამავე დროს, ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ განწყობაზე არიან ჩვენი კლიენტები. მათი ოპტიმიზმი აისახება გაზრდილ მოთხოვნაში, იმ პროდუქტზე რომელსაც ჩვენი კომპანია აქ აწვდის.

ჩვენი კომპანია არის უძრავი ქონების რეალიზაციის ბიზნესში. მოგეხსენებათ, როდესაც უძრავ ქონებას იძენს ადამიანი, საკმაოდ სერიოზულ ინვესტიციას ახორციელებს, რაც არაჯანსაღ გარემოში და დაბალი ოპტიმიზმის პირობებში არ ხდება.

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ბაზარს –  მოთხოვნა უძრავ ქონებაზე გაზრდილია, რაც მიუთითებს მომხმარებლის საკმაოდ მაღალ ოპტიმიზმზე. ეს გამოწვეულია თავის მხრივ იმით, რომ ჯანსაღი ბიზნეს გარემოა ქვეყანაში და ის ეკონომიკური განვითარება რაც ქვეყანაში ხდება, პოზიტიურად აღიქმება მომხმარებლის მიერ.

შემიძლია გითხრათ, ჩვენ ბიზნესზე არასდროს ყოფილა ზეწოლა. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს. აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სტრუქტურებთან. მაგალითად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ თბილისის მერიასთან და მათი დახმარებით არაერთი პროექტი დავხვეწეთ. ანუ თბილისის მერია უფრო გლობალურად უყურებს ქალაქის განვითარებას, ვიდრე ნებისმიერი კერძო კომპანია ცალკე აღებული. შესაბამისად, მათი რეკომენდაციები ძალიან ღირებულია, თუ მათ მოვუსმენთ და გავითვალისწინებთ. ჩვენ არაერთი ასეთი რეკომენდაცია აგვიღია, გაგვითვალისწინებია და დაგვიხვეწია ჩვენი პროექტები.

_ “გირჩმა” გუშინ  ბიზნესმენებს უთხრა,   თქვენ ხართ ჩვეულებრივი კრონი-ბიზნესმენები და გაქვთ საბჭოთა “ცეხავიკის” ფსიქოლოგია…

მე საბჭოთა კავშირის დროს სკოლის მოსწავლე ვიყავი. არც მახსოვს წესიერად საბჭოთა ეპოქა” – განაცხადა “აიპრესთან”  M2-ის დირექტორმა.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად