ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! (ვიდეო)

ტოკიოში, მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, დასრულდა 81კგ წონით კატეგორიის ძიუდოისტებს შორის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ლუკა მაისურაძეს და საიდ მოლაის შორის.

ქართველმა ძიუდოისტმა შეძლო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონის დამარცხება და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!

დღეს, ტოკიოში, ბუდოკანის ტატამზე ლუკა მაისურაძის მიერ ბრინჯაოს მედლამდე განვლილი გზა ასეთი იყო:

საკვალიფიკაციო წრის შეხვედრაში ლუკა მაისურაძემ სამოელი პენიამინა პერსივალი შეხვედრის დაწყებიდან 47 წამში შებოჭა და იპონით გაიმარჯვა.

პირველი წრის შეხვედრა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ თურქ ვედატ ალბაირაკთან (იგივე ბერძენი რომან მუსტოპულოსი, იგივე ქართველი ვანო რევაზიშვილი) ჰქონდა. პირველი წუთის მიწურულს აღებულ ვაზარს ლუკა მაისურაძემ ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთით და 32 წამით ადრე კიდევ ერთი ვაზარი შემატა და იპონით დაასრულა შეხვედრა.

მეთექვსმეტედფინაში მონღოლ უგანბატარ ოტგობატართან შეხვედრის ძირითადი დროის 4 წუთი უილეთოდ დასრულდა, ოქროს დროის მე-13 წამზე კი ლუკა მაისურაძემ ვაზარი აუღო მეტოქეს და გაიმარჯვა.

მერვედფინალური შეხვედრაში ლუკა მაისურაძემ ბელგიელ სამი ჩოუჩი 2 წუთსა და 33 წამში დაამარცხა იპონით.

მერვედფინალური შეხვედრის დამთავრებიდან ათიოდ წუთში ლუკა მაისურაძეს პულის ფინალში ეგვიპტელი მოჰამედ აბდელაჰთან საჭიდაოდ უხმეს. მე-2 წუთზე ლუკა მაისურაძის ვაზარი დაფიქსირდა ტაბლოზე, ჭიდაობა გაგრძელდა და რამდენიმე წამის შემდეგ მსაჯმა იმისთვის შეაჩერა, რომ ვაზარი გაეუქმებინა. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ეგვიპტელს ბევრად უფრო საეჭვო ვაზარი მისცეს. დრო ცოტა რჩებოდა, ლუკა მაისურაძე აქტიურობდა, ეგვიპტელი ბრზოლას აშკარად გაურბოდა, მსაჯები კი მისთვის მეორე გაფრთხილებას ძალიან აგვიანებდნენ, მხოლოდ შეხვდერის ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წამით ადრე მისცეს მას მეორე გაფრთხილება. შეხვედრის განახლებისთანავე ლუკა მაისურაძე ვა ბანკზე წავიდა, ჯიქურ მიეჭრა მას და ეგვიპტელის კონტრილეთით თავად აღმოჩნდა ტატამზე.

მსაჯების ნაჩუქარი მოგების წყალობით ეგვიპტელი ნახევარფინალში გავიდა, ლუკა მაისურაძე კი რეპეშაჟში გადავიდა და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო ბრძოლა.

ლუკა მაისურაძის მეტოქე რეპეშაჟის ნახევარფინალში უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი იყო. უზბელი ვაზარით დაწინაურდა, თუმცა მაისურაძემ შეძლო საპასუხო ვაზარის აღება და შეხვედრა ოქროს დროში გაგრძელდა, სადაც მან პირველი წუთის მიწურულს კიდევ ერთი ვაზარი აუღო მეტოქეს და რეპაშაჟის ფინალში გავიდა, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან ირანელ საიდ მოლაის სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ამრიგად, ოთხ წონით კატეგორიაში ასპარეზობის დამთავრების შემდეგ ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზეა ლუხუმ ჩხვიმიანის (60კგ) ოქრო და ლუკა მაისურაძის (81კგ) ბრინჯაო.

აღსანიშნავია, რომ ლუკა მაისურაძის მიერ მოპოვებული მედალი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოდან მოასპარეზე ძიუდოისტების მიერ საუიბილეო 50-ე (8 ოქრო, 14 ვერცხლი, 28 ბრინჯაო), ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი – 30-ე (4 ოქრო, 10 ვერცხლი, 16 ბრინჯაო) მედალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად