ლუკა მაისურაძე მსაჯებმა დაჩაგრეს (ვიდეო)

დღეს, ტოკიოში, 81კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაბნენ ასპარეზობაში

ლუკა მაისურაძე საკვალიფიკაციო წრიდან ჩაება ასპარეზობა, სადაც მან სამოელი პენიამინა პერსივალი შეხვედრის დაწყებიდან 47 წამში შებოჭა და იპონით გაიმარჯვა.

პირველი წრის შეხვედრა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ თურქ ვედატ ალბაირაკთან (იგივე ბერძენი რომან მუსტოპულოსი, იგივე ქართველი ვანო რევაზიშვილი) ჰქონდა. პირველი წუთის მიწურულს აღებულ ვაზარს ლუკა მაისურაძემ ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთით და 32 წამით ადრე კიდევ ერთი ვაზარი შემატა და იპონით დაასრულა შეხვედრა.

მეთექვსმეტედფინაში მონღოლ უგანბატარ ოტგობატართან შეხვედრის ძირითადი დროის 4 წუთი უილეთოდ დასრულდა, ოქროს დროის მე-13 წამზე კი ლუკა მაისურაძემ ვაზარი აუღო მეტოქეს და გაიმარჯვა.

მერვედფინალური შეხვედრაში ლუკა მაისურაძემ ბელგიელ სამი ჩოუჩი 2 წუთსა და 33 წამში დაამარცხა იპონით.

მერვედფინალური შეხვედრის დამთავრებიდან ათიოდ წუთში ლუკა მაისურაძეს პულის ფინალში ეგვიპტელი მოჰამედ აბდელაჰთან საჭიდაოდ უხმეს. მე-2 წუთზე ლუკა მაისურაძის ვაზარი დაფიქსირდა ტაბლოზე, ჭიდაობა გაგრძელდა და რამდენიმე წამის შემდეგ მსაჯმა იმისთვის შეაჩერა, რომ ვაზარი გაეუქმებინა. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ეგვიპტელს ბევრად უფრო საეჭვო ვაზარი მისცეს.

დრო ცოტა რჩებოდა, ლუკა მაისურაძე აქტიურობდა, ეგვიპტელი ბრზოლას აშკარად გაურბოდა, მსაჯები კი მისთვის მეორე გაფრთხილებას ძალიან აგვიანებდნენ, მხოლოდ შეხვდერის ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წამით ადრე მისცეს მას მეორე გაფრთხილება. შეხვედრის განახლებისთანავე ლუკა მაისურაძე ვა ბანკზე წავიდა, ჯიქურ მიეჭრა მას და ეგვიპტელის კონტრილეთით თავად აღმოჩნდა ტატამზე.

მსაჯების ნაჩუქარი მოგების წყალობით ეგვიპტელი ნახევარფინალში გავიდა, ლუკა მაისურაძე კი რეპეშაჟში გადავიდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.მისი მეტოქე რეპეშაჟის ნახევარფინალში უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი იქნება.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...