ლუკ კოფი: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა დღესაც მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის

„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, – ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული

ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ (MEI) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
სტატიის ავტორი ამერიკელი მკვლევრი, „ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფია.
„რუსეთის საზღვაო ძალებმა შეუტიეს საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთს, ხოლო ქვეითმა ჯარებმა გადალახეს ენგური და ოკუპირებული აფხაზეთიდან შეიჭრნენ საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. მაშინ რუსული ქვედანაყოფები სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მიადგნენ ქვეყნის დედაქალაქს – თბილისს, სადაც დაბომბეს კიდეც ერთ-ერთი აეროპორტი. კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელი გახდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ იმ დროს საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით“ – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ასევე წერს, რომ ხსენებული თავდასხმიდან მოყოლებული საქართველოს უსაფრთხოებას და ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგა.

„12 წლის შემდეგ ათასობით რუსი ჯარისკაცი დღესაც იკავებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს (რომელსაც ხშირად სამხრეთ ოსეთსაც უწოდებენ), ანუ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ს. მაგალითისთვის, თუკი უცხო ძალა შეიჭრება აშშ-ის 1/5-ზე, ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდება მთელი ტერიტორია კლდოვანი მთების დასავლეთით. რუსეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას. მაგალითად, რუსულმა ჯარებმა უკან უნდა დაიხიონ კონფლიქტის დაწყებამდე დაკავებულ პოზიციებზე და უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი წვდომა ოკუპირებულ რეგიონებში. მოსკოვს არც ერთი პირობა ჯერ არ შეუსრულებია. არსებითად, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი იქცა დიდ რუსულ სამხედრო ბაზებად. როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში, განთავსებულია ათასობით რუსი ჯარისკაცი, შეიარაღებული უახლესი სამხედრო აღჭურვილობით: ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დედაქალაქი სულ რაღაც 40 კილომეტრითაა დაშორებული ცხინვალიდან, თბილისი რეალურ სამიზნეს წარმოადგენს“ – ვკითხულობთ მასალაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის რუსული მილიტარიზაციის პროცესს ვერ აკონტროლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც შეიქმნა მალევე ომის დასრულებიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით.

„რუსეთის ხელისუფლება არ აძლევს მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობას. და მაინც, რიგ შემთხვევებში რუსული სამხედრო ობიექტების მშენებლობის პროცესის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს. მე თავად ვარ ქართულ სოფელში – ოძისში მიმდინარე მსგავსი პროცესის მოწმე. 2011 წლიდან რუსეთი და სეპარატისტული ძალები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ახორციელებენ ბორდერიზაციის პოლიტიკას, რაც გულისხმობს მავთულხლართის და ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვას, რითაც კიდევ უფრო მძაფრდება ქართველი მოსახლეობის გახლეჩის პროცესი. გარდა ამისა, რუსეთმა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა აღმართეს „სახელმწიფო საზღვრების“ აღმნიშვნელი ნიშნულები, რითაც აფრთხილებენ ქართულ მხარეს მყოფთ, არ გადაკვეთონ საოკუპაციო ხაზი. რიგ შემთხვევებში რუსეთი აგრძელებს მიწების მიტაცებას, ზოგჯერ თითო მეტრით ყოველ ჯერზე, რასაც რუსეთის „მცოცავი ანექსიის“ სახელით მოიხსენებენ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქართველები იძინებენ თავისუფალი საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ დილით იღვიძებენ საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში“ – წერს ავტორი.

სტატიის მიხედვით, რუსეთი აგრძელებს საქართველოში ჰიბრიდული ტაქტიკების გამოყენებას, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთი იყენებს პროპაგანდას, დაფინანსებულ არასამთავრობოებს და რუსულენოვან ტელეარხებს, რათა გააძლიეროს პრორუსული/ანტიდასავლური ნარატივი საქართველოში.

„ახლახან რუსეთმა გაავრცელა დეზინფორმაცია იმ უდიდესი სამუშაოს დისკრედიტაციის მიზნით, რომელსაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ახორციელებს აშშ-ის მიერ დაფინანსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი. რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა მაინც ვერ დააბრკოლა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე. არსებობს 3 მიზეზი, თუ რატომ უნდა განიხილავდეს აშშ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან მოკავშირეს.

1) ისეთ წერტილებში, როგორიცაა ერაყი და ავღანეთი, საქართველომ დაამტკიცა, რომ იგი არის აშშ-ის ნაცადი და სანდო მოკავშირე. 2008 წლის რუსული აგრესიის დროს ბევრმა არ იცოდა, რომ საქართველოს, აშშ-ის შემდეგ, ყველაზე მეტი მებრძოლი ჰყავდა ერაყში. 2012 წელს, როცა ბევრი ნატოს წევრი ქვეყანა მოუთმენლად ელოდა ავღანეთიდან ჯარების გაყვანას, საქართველომ ამ მისიის ფარგლებში დამატებითად გააგზავნა ასობით მებრძოლი. ავღანეთში საქართველოს წვლილის რეკორდული მაჩვნებელი იყო 2 000 მებრძოლი, რომლებიც მსახურებდნენ ქვეყნის და, ალბათ, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში: ჰელმანდის და ყანდაარის პროვინციებში. სულ მოსახლეზე სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ ბრძოლაში ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის 50%-ის განმავლობაში მის დანაყოფების რაოდენობრივი მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალი იყო. დღეს ავღანეთში მსახურობს 870 ქართველი. შედეგად, საქართველო არის ნატოს ეგიდით გამართულ წვრთნებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის.

2) საქართველო, თავისი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, მნიშვნელოვანია ევრაზიის რეგიონში აშშ-ის გეოპოლიტიკური ამოცანებისთვის. სამხრეთ კავკასიაში განლაგებული საქართველო მდებარეობს არსებითი მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ და კულტურულ გზაჯვარედინზე. ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა თავისი სტრატეგიული სამხედრო და ეკონომიკური მნიშვნელობა. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა დღესაც მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მაგალითად, საქართველომ შესთავაზა ნატოს თავისი ტერიტორია, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური შესაძლებლობები ალიანსის ჯარებისა და ტვირთის ავღანეთიდან ტრანზიტის განსახორციელებლად. წლების განმავლობაში საქართველო ახორციელებს ქვეყნის საკვანძო აეროპორტების და საპორტო ობიექტების მოდერნიზაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. საქართველოზე გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-სუფსას ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი, ასევე მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხაზები (მაგალითად, ახლახან გახსნილი ბაქო-თბილისი-ყარსი). ნავთობის და გაზის მილსადენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის და, შესაბამისად, აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში“ – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, ავტორი წერს, რომ საქართველოს გზა დემოკრატიისკენ მისაბაძი მაგალითია მთელ რეგიონში.
„1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო დგას დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შემცირების, კორუფციასთან ბრძოლის და დემოკრატიის განმტკიცების დღის წესრიგს. დღეს საქართველო განასახიერებს ევროპულ იდეას, რომლის თანახმად ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა და გადაწყვიტოს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები და თავად ამ ურთიერთობების რაობა, ასევე ქვეყანაში მმართველობის საკითხები. აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. არავის (ამ შემთხვევაში რუსეთს) არ აქვს ვეტოს დადების უფლება ამა თუ იმ ქვეყნის წევრობასა თუ დაახლოებაზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო.

ქართველების თავისუფლებისმოყვარეობა და დამოუკიდებლობისკენ ლტოლვა სიახლე არ არის. როგორც ბრიტანელმა დიპლომატმა და ქართველოლოგმა, სერ ოლივერ უორდროპმა აღნიშნა თავის წიგნში „საქართველოს სამეფო: მოგზაურობა ქალის, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში“ (1888 წელი):

საინტერესოა, რომ ქვეყნის პოლიტიკური იდეები ნასესხებია დასავლეთ ევროპისგან. იაპონიის მაგალითს თუ არ ჩავთვლით, ალბათ, არ არსებობს ერი, რომელიც ფეოდალიზმიდან პირდაპირ ლიბერალიზმზე გადავიდა. ერთპიროვნული მმართველების შვილიშვილები, – ისინი, ვინც სულ რაღაც 25 წლის წინ მსხვილი მონათმფლობელები იყვნენ, – დღეს დემოკრატიული იდეის მხურვალე მხარდამჭერები არიან და ხმამაღლა აცხადებენ თავისუფლების, უფლისწულთა და გლეხთა, ბატონთა და ყმათა თანასწორობის და ძმობის იდეალებს“ – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ასევე აღნიშნავს: „თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კეთილმოწყობილ და გამწვანებულ სკვერში წააწყდებით რონალდ რეიგანის ქანდაკებას, რომელიც სკამზე მოკალათებულა და სადღაც შორს, რუსეთის მიმართულებით იცქირება. სახეზე თავდაჯერებული და კმაყოფილი გამომეტყველება უკრთის. ძეგლს წარწერაც აქვს, რეიგანის ციტატა: „თავისუფლების შენარჩუნება ყოველი თაობის საზრუნავი უნდა იყოს“. რეიგანის რწმენას დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის, ძლიერი თავდაცვის სისტემის და თავისუფლების მიმართ განასახიერებს დღევანდელ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რითაც ქვეყანა ესოდენ მკვეთრად განსხვავდება თავისი ჩრდილოელი მეზობლისგან – რუსეთისგან, სადაც დემოკრატიული თავისუფლებები დაკნინებულია, კორუფცია ყოვლისმომცველი, ხოლო მომავლის პერსპექტივა დამთრგუნველი. რეიგანის ძეგლი შეახსენებს ყველა ქართველს, რამხელა გზა გამოიარა ქვეყანამ კომუნიზმის ჩაგვრის დღეების შემდეგ და რაოდენ ნათელი შეიძლება იყოს მათი მომავალი. დასავლეთს კი იგი შეახსენებს, რომ ცივი ომი თავისით არ დასრულებულა – იგი გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა ხალხმა მოიპოვა თავისუფლება, რადგან თავისუფლების იდეებმა დაამარცხა ტირანია, ხოლო კომუნისტურმა ცენტრალურმა დაგეგმარებამ ვერ გაუწია კონკურენცია ეკონომიკურ თავისუფლებას. ჯამში რეიგანის ღირებულებები, იდეები და ხედვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი სამხედრო ძალა, რომლის შეკრებასაც ნატო ოდესმე შეძლებს“ – ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი სტატიას შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „რუსული აგრესიის მე-12 წლისთავზე ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და არა პირიქით. რუსეთია აგრესორი, ხოლო საქართველო – მსხვერპლი. საქართველოში რუსეთის მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ოდესღაც რუსეთის თუ საბჭოეთის ქვეშ მყოფი ქვეყნების დაშორება დასავლური საზოგადოებისგან. სწორედ ამიტომ უნდა გააგრძელოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყურადღების გამახვილება საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და მომავალშიც გვერდში დაუდგეს საქართველოს დეოკუპაციისკენ და ტრანსატლანტიკური ორიენტაციისკენ მიმავალ მშვიდობიან გზაზე“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად