ლუბლინის მერის მოადგილე: გვიხარია, რომ ქართველ პარტნიორებთან პროექტებს განვახორციელებთ

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, პოლონეთის ქალაქ ლუბლინის მერის მოადგილე კრჟიშტოფ კომორსკის შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება კულტურის სფეროში არსებულ სხვადასხვა საკითხებზე გამახვილდა, მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და   კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებით  ქალაქების მიდგომები გააცნეს. 

ლუბლინის მერის მოადგილე საქართველოში ფესტივალ „არტიერიში 2015 – ურბანული სივრცის“ ფარგლებში ჩამოვიდა. აღნიშნული ფესტივალი თბილისში, ლუბლინისა და თბილისის კულტურული ჯგუფების მიერ, ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფარგლებში იმართება. 

თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქალაქს შორის პარტნიორობა რეალურად საქმეში გამოიხატოს. 

„დღევანდელი ღონისძიება „არტიერიში 2015 – ურბანული სივრცე“, რომელიც ურბანულ სივრცეებს ეძღვნება, სწორედ ისეთი ტიპის თანამშრომლობაა, რომლითაც ჩვენ უფრო მეტი საერთოს პოვნა და გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია. სწორედ ასეთი შეხვედრებით ხდება რეალურად ნაბიჯების გადადგმა. ეს თანამშრომლობა უბრალოდ თანამშრომლობისთვის არ არის, ყველაფერი შედეგზეა ორიენტირებული, ეს ჩვენ მეტ გამოცდილებას გვძენს, ვიჩენთ მეგობრებს და ის საქმიანობა, რომელიც ურთიერთთანამშრომლობას ნიშნავს უფრო შინაარსობრივი ხდება“,- განაცხადა ნინა ხატისკაცმა. 

ლუბლინის მერის მოადგილის კრჟიშტოფ კომორსკის განცხადებით, კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელება, შესაძლებლობას იძლევა პროექტები სხვა სფეროებშიც დაიგეგმოს. 

„ძალიან გვიხარია, განვახორციელოთ კულტურული პროექტები ქართველ პარტნიორებთან ერთად, რადგან ეს ჩვენს ურთიერთობებს უფრო მჭიდროს ხდის და საშუალებას იძლევა, დავგეგმოთ უამრავი სხვა პროექტი, არა მხოლოდ კულტურის, არამედ ტურიზმის, სპორტის, ბიზნესის სფეროებში. ეს დიდი სარგებლის მომტანი იქნება ჩვენთვის და იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენ შორის უფრო ღრმა ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ“,- განაცხადა კრჟიშტოფ კომორსკიმ. 

„არტიერიში 2015 – ურბანული სივრცე“ , რომლის ფარგლებშიც თბილისში ლუბლინის მერის მოადგილე იმყოფება დღეს იხსნება. ფესტივალის მთავარი თემა ქალაქი და ურბანიზმია. აღნიშნული თემა ქუჩის ხელოვნებით, მასშტაბური ინსტალაციებით, შემოქმედებითი ინტერვენციებითა და ინტენსიური საგანმანათლებლო, ვორქშოფების პროგრამით არის წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად