ლორა ტორნტონი “რუსთავი2”-ის საქმეზე: NDI ყოველთვის მხარს უჭერს თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობას

NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი Facebook-ის გვერდზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და დასძენს, რომ NDI ყოველთვის მხარს უჭერს თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობას.

“ტელეარხსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თქვენი შეხედულების მიუხედავად, შემაშფოთებელი უნდა იყოს ოპოზიციური ხმებისა და დემოკრატიული დებატების გაგრძელება, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნებისთვის. NDI ყოველთვის მხარს უჭერს მრავალფეროვანი და თავისუფალი მედია გარემოს მნიშვნელობას,”-აცხადებს ტორნტონი.

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა და უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე დე გაეტანოს პოზიციის განმარტება, რომელიც ორ ნაწილში არ ეთანხმება დანარჩენ ექვს მოსამართლეს. კერძოდ, დე გაეტანო მიიჩნევს, რომ საქალაქო და უზენაეს სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად