ლონდა თოლორაია არ გამორიცხავს, რომ მოკლული 7 თვის ბავშვის მამის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლონდა თოლორაია არ გამორიცხავს, რომ აღაიანში, დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

როგორც ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმის ფარგლებში მტკიცებულებების მოპოვება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს.

„აღნიშნული საქმის ფარგლებში ხდება ასევე მტკიცებულებების მოპოვება ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისათვის ნამდვილად იყო 15 წლის , ამ ასაკის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი, ეს არის დანაშაული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით”-განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

როგორც ცნობილია, შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

საუბარია სოფელ აღაიანში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, რომელშიც შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალი არასრულწლოვან დედას ედება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ორსულობის დადგომის დროს ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველი იყო, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

„მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ მ. შ. ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წლის ასაკს მიუღწეველი, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

​შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე“, – აცხადებს შსს-ში.

სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დედა 22 მაისს დააკავეს. გორის რაიონულმა სასამართლომ მას გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...