ლომჯარია: ზვიად გამსახურდიას სავარაუდო მკვლელობის საქმის მასალებში მნიშვნელოვანი საგამოძიებო დოკუმენტები არ ჩანს

“ზვიად გამსახურდიას სავარაუდო მკვლელობის საქმის მასალებში არ ჩანს ის მნიშვნელოვანი საგამოძიებო დოკუმენტები და არ არის ჩატარებული ის უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო პროცედურები და დოკუმენტები, რაც ამ საქმეზე ჭეშმარიტებას დაადგენდა.” ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის დასრულების შესაძლებლობას, ასევე ზურაბ ჟვანიას და გურამ შარაძის გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებულ დეტალებს.

“​შემიძლია გითხრათ, რა ვნახეთ გამოძიების მასალებში. გამოძიების მასალებში არ ჩანს ის მნიშვნელოვანი საგამოძიებო დოკუმენტები და არ არის ჩატარებული ის უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო პროცედურები და დოკუმენტები, რაც ამ საქმეზე ჭეშმარიტებას დაადგენდა. არ არის ამოღებული შესაბამისი ნივთმტკიცებები, როგორიც იქნებოდა, ტანსაცმელი, იარაღი, ტყვიის მასრა, სამედიცინო ექსპერტიზა არ არის ტავის დროზე ჩატარებული. განადგურებულია ოთახი, სადაც ფაქტი მოხდა. ამიტომ მე ვერ გეტყვით, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ალბათ, შეკითხვები უნდა დაუსვათ საქართველოს გენერალურ პროკურორს, თუ რას აპირებს პროკურატურა ამ მიმართულებით დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო და არ ჩატარებულა. იყო შეკითხვა, რატომ ვარქმევთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს – გამოძიებას. დაგიდასტურებთ, რომ ეს არის ოფიციალური სახელი პროკურატურაში. პროკურატურა იძიებს ზვიად გამსახურდიას სავარაუდო მკვლელობის საქმეს. ეს არის ოფიციალური სტატუსი, რა მიმართულებითაც მიმდინარეობს გამოძიება”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ზურაბ ჟვანიას და გურამ შარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვაზე, ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ სახალხო დამცველის სამსახურში ეს საქმეები მოსული არ არის.

“შესაბამისად, არ მაქვს ინფორმაცია და შეფასებას ვერ გავაკეთებ”,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად