ლომჯარია: მოვუწოდებ პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, გააკეთონ ომბუდსმენის საქმიანობის მხარდამჭერი განცხადებები

“იუსტიციის მინისტრის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული. კერძოდ, ადგილი აქვს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზემოქმედებისა და ხელშეშლის მცდელობას. ” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან დღეს, ბრიფინგზე განაცხადა.

“ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა. აღნიშნული ქმედებები სცილდება თეა წულუკიანის მხრიდან პირადად ჩემი ან ჩემი აპარატის დისკრედიტაციის მცდელობას და ქმნის ძალიან სახიფათო ვითარებას, როდესაც პატიმრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, მათი უფლებრივი მდგომარეობა შესაძლებელია ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგეს.

ჩვენი აპარატის ურთიერთობა პატიმრებთან ეფუძნება 2 ფუნდამენტურ პრინციპს – ნდობას და კონფიდენციალურობას. ბოლო დღეების ფაქტებით წულუკიანმა პატიმრებს გაუგზავნა ძალიან სახიფათო გზავნილები, რომ მათი ურთიერთობა და კომუნიკაცია, შეხვედრები სახალხო დამცველთან არ არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით და ნებისმიერ დროს შეიძლება გასაჯაროვდეს. თუკი პატიმრებს შეერყევათ 25 წლის განმავლობაში მოპოვებული ნდობა ჩვენი კომუნიკაციის კონფიდენციალურობის თაობაზე, ეს ფაქტი გამოიწვევს პატიმრების მხრიდან ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაზე ზეგავლენის და ხელშეშლის ფაქტს და გაზრდის არასათანადო მოპყრობის თუ სხვა უფლებადარღვევების ფაქტებს სისტემაში.

მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ მინისტრს გააკეთონ სახალხო დამცველის საქმიანობის მხარდამჭერი განცხადებები; მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მომცენ ჩემი თანამშრომლების საქმიანობის უსაფრთხოების გარანტიები, რომ მომავალში არ უნდა ველოდოთ უკანონო ქმედებებს ან რაიმე ტიპის პროვოკაციას; მომცენ გარანტიები, რომ ჩვენი ურთიერთობა პატიმრებთან აღარ დაექვემდებარება თვალთვალს და დაცული იქნება კონფიდენციალურობა.
მივმართავ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის მიმართ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლისა და ზემოქმედების ფაქტზე.
მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს, შეწყვიტოს სახალხო დამცველის მიმართ უკანონო ქმედებები, იფიქროს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, იფიქროს პატიმრებსა და მათ ოჯახებზე, იფიქროს რა შედეგები მოყვება მის ამგვარ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად