ლომჯარია ხორავას საქმეზე: სახალხო დამცველის რეკომენდაციები პროკურატურას არცერთ ეტაპზე არ გაუთვალისწინებია 

2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე დაადასტურა, რომ გამოძიებამ ვერ გამოავლინა ყველა დამნაშავე.

ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის დოკუმენტში, რომელიც ნინო ლომჯარიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარადგინა.

ნინო ლომჯარიას თქმით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად ცხადი გახდა, რომ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტიანი იყო, ასევე გამოვლინდა მრავალი ხარვეზი.

ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და კომისიის სხდომაზე დაკითხვისას გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საგამოძიებო ტაქტიკაზე გაცემული პასუხების ერთობლივი ანალიზით სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის საჯარო ინტერესს”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით,  მას შემდეგ რაც დასრულდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა, რომლის შედეგადაც პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილებას და შესაბამისი რეკომენდაციები წარედგინა პროკურატურას, სახალხო დამცველმა კვლავ მოითხოვა მიმდინარე გამოძიების მასალების გაცნობა, რათა შეეფასებინა, გარდაცვლილი დ. ს.-ის მკვლელობის მონაწილე ყველა პირის მიმართ დამატებით რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მანამდე გამოხატული მიდგომისგან განსხვავებით, უარი განაცხადა საქმის მასალების გაცნობაზე შესაბამის საკანონმდებლო ნორმაზე მითითებით.

“სამწუხაროდ, სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები პროკურატურას არცერთ ეტაპზე არ გაუთვალისწინებია და გამოძიებაში დაშვებული არსებითი შეცდომების მიმართ მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რამდენადაც აღნიშნული ხარვეზები, მიუხედავად მათი შედეგებისა, არ მიიჩნია დანაშაულად. შემოწმება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მასზე წარმოება არ დასრულებულა”-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად