ლომჯარია: ჩნდება განცდა, რომ პროკურატურა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებისას ობიექტური არ იქნება

ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნა, ხოლო გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, ჩნდება განცდა, რომ პროკურატურა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებისას ობიექტური არ იქნება”. – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნინო ლომჯარიას მოსთხოვეს, შეეფასებინა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა.

“რა თქმა უნდა, მე პოლიტიკურ შეფასებებში არ შევალ, თუმცა 20-21 ივნისის მოვლენების გათვალისწინებით ვიტყვი, რომ დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც შს მინისტრი, რომლის ყოფილი თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს პროკურატურა სწავლობს, დღეს პრემიერ-მინისტრია.

პროკურატურა იკვლევს, სავარაუდოდ, როგორც შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების, ასევე რიგითების როლს უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით. მეორე მხრივ, გვყავს გენერალური პროკურორი, რომელიც მონაწილეობას იღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსში. ის წარდგენილია 20-კაციან სიაში და ელოდება უმრავლესობის მხარდაჭერას, იმისათვის, რომ არჩეული იყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ. რა თქმა უნდა, ეს გარემოებები ინტერესთა კონფლიქტის განცდას მიჩენს და რა თქმა უნდა, ალბათ, უფრო მეტია რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, პროკურატურა არ იყოს ძალიან მკაცრი ან ობიექტური ამ საქმის გამოძიების დროს.

თუმცა, ამ ეტაპზე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვაკვირდებით გამოძიებას 20-21 ივნისს პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების თაობაზე. შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს და ეს არ არის უბრალოდ ფრაზა,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად