ლომჯარია: ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთში ფიქსირდება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა არ ეხება მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს. ამ მხრივ რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმერეთში ფიქსირდება.

„მაღალი მაჩვენებელია თბილისში, აჭარაში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში“. – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც საქართველოს კანონმდებლობამ აკრძალა არასრულწლოვნების ოფიციალური ქორწინება, გაიზარდა ე.წ ნიშნობების რაოდენობა. ეს კი უფრო ხშირად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხდება.

„რაც შეეხება ქორწინების სტატისტიკას, ზუსტი არ არსებობს, რადგან არ რეგისტრირდება და ფაქტობრივი თანაცხოვრების დადგენა რთული ხდება ხოლმე იმის გამო, რომ სკოლები ხშირად არ აწვდიან ინფორმაციას სოციალურ სამსახურს და შსს-ს გაცდენების ან ბავშვის სავარაუდო ნიშნობის თაობაზე, თუმცა ჩვენ ამ სტატისტიკას ვითვლით არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობის მიხედვით, ამ თვალსაზრისით ლიდერობს თბილისი, სავარაუდოდ მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე იმერეთის რეგიონი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში სტატისტიკა არ გვიჩვენებს, რომ იქ არის ყველაზე ხშირი შემთხვევა, ეს სავარაუდოდ უკავშირდება იმას, რომ სრული სტატისტიკა არ გვაქვს. ჩვენი მონიტორინგი ცხადყოფს, რომ ეს ინფორმაციები ხშირად იმალება ხოლმე და არ ჩანს ოფიციალურ მონაცემებში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა, რის შემდეგაც დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად