“ლიზინგი ოცდამეერთე”: “სტიქიის მეორე დღესვე საწყობის ტერიტორიაზე მკვდარი ცხოველები იყო”

კოსტავას ქუჩაზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი კომპანიის მუშა, რომელიც საწყობში შევიდა, სტიქიის დროს ზოოპარკიდან გამოქცეულმა ვეფხვმა დაგლიჯა.

როგორც იქ მომუშავე ადამიანები ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, იმავე ტერიტორიაზე მკვდარი ცხოველები იპოვეს. რომელიც შესაბამისმა სამსახურმა დაგვიანებით გაიტანა ტერიტორიიდან.

„აიპრესი“ მომხდარ ტრაგედიასთან და ობიექტზე დასაქმებული ადამიანების ბრალდებასთან დაკავშირებით, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასაწყობე კომპლექსის „ლიზინგი ოცდამეერთეს“ დირექტორს დავით ჩხეტიანს  დაუკავშირდა და დაინტერესდა რამდენად სწორი იყო მუშების მიერ გამოთქმული ბრალდება.

„ეს ტერიტორია არის „ლიზინგის“ მაგრამ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ვეფხვმა დაგლიჯა ერთი კაცი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მოიჯარე ორგანიზაციის დაქირავებული მუშა იყო და წაიყვანა სასწრაფომ. მისი ვინაობა არ ვიცი.

გიდასტურებთ, რომ სტიქიის მეორე დღესვე ჩვენს ტერიტორიაზე ნამდვილად იყო მკვდარი ცხოველები: სირაქლემა, დათვი და დათვის ბელი. როგორც კი შევატყობინე სპეციალურ სამსახურს იმ წუთასვე მოახდინეს ევაკუაცია.,“ – განაცხადა ჩხეტიანმა.

დღეს, ასევე "აიპრესთან" საუბრისას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, რომ ზოოპარკის თანამშრომლებს 14 ივნისს ვეფხვი მკვდარი ეგონათ. დღეს კი ადამიანი დაგლიჯა. 

"პირველ დღეს იყო ძალიან ქაოტური სიტუაცია. მიმდინარეობდა ცხოველების ლეშების გატანა აქედან, აღრიცხვა თუ რა ლეში გადიოდა აქედან დილით იყო შეუძლებელი და წარმოუდგენელი როგორც მეუბნებიან. მეორე დღიდან დაიწყო აღრიცხვა. ეს ვეფხვი, როდესაც პირველ დღეს გამოიტანეს ლეშები, ზოოპარკის თანამშრომლებმა ჩათვალეს რომ მკვდარი იყო, აღმოჩნდა რომ ცოცხალი იყო და ერთ-ერთ სარდაფში შემალული იყო. ის, რომ ეს ტრაგედია იქცეს ანგარიშსწორებად, არ არის საჭირო. ამ ტრაგედიის კიდევ უფრო დამძიმება და რაღაც სკალპების მოთხოვნა არ არის საჭირო," – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად