ლიტველი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისის ანძა ლიტვის დროშის ფერებში განათდება

ვილნიუსის 1991 წლის 13 იანვრის სისხლიანი მოვლენებიდან, რომელიც თბილისში 9 აპრილს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ანალოგია, 25 წელიწადი შესრულდა.

ლიტველი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად დღეს თბილისის ანძა ლიტვის ეროვული დროშის ფერებში განათდება. ლიტვის საელჩოში განმარტავენ, რომ თბილისის ანძის განათებას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან 13 იანვრის ღამის სიმბოლო სწორედ ვილნიუსის სატელევიზიო ანძაა. ლიტვის დროშის ფერებში თბილისის ანძა 19:00-დან 21:00-მდე განათდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საღამოს ეთერში კი ლიტვის უმაღლესი საბჭოს იმდროინდელი თავმჯდომარის, ვიტაუტას ლანდსბერგისის ინტერვიუ და ლიტველი და შვედი რეჟისორების დოკუმენტური ფილმი „თავისუფლების ტრაექტორია“ გავა.

ამ დღის აღსანიშნავად ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 12:00-საათზე 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

ლიტვის საელჩოს ორგანიზებით 17:00 საათზე საპარლამენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე და მწერალი დავით ტურაშვილი მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...