ლისაბონში, ევროპის ჩემპიონატის მედლებისთვის საქართველოდან 14 ძიუდოისტი იჭიდავებს

დღეს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მედლებისთვის 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი (210 კაცი და 149 ქალი) იბრძოლებს. საქართველო ჩემპიონატზე 9 კაცით და 5 ქალით იქნება წარდგენილი. შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე გამოვლენ 48-52-57 კგ წონითი კატეგორიების ქალები და 60-66 კგ წონითი კატეგორიების კაცები.

52 კგ წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (N30 რეიტინგში) პორტუგალიელ ჯოანა რამოსს (N21) შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მეტოქედ ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი, იტალიელი ოდეტ ჯიფრიდა ეყოლება.

ამავე წონაში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, მარიამ ჯანაშვილი (N141) პირველ წრეში ასევე მასპინძელ ჯოანა დიოგუს (N91) შეხვდება.

57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი მე-7 ნომრადაა განთესილი. ამ წონაში მედლებისთვი მებრძოლთა წინა რიგებში არიან კოსოვოელი ნორა გიაკოვა (განთესვა N1), ფრანგი სარა ლეონი სიზიკი (N2), ისრაელელი ტიმნა ნელსონ ლევი (N3), მასპინძელი ტელმა მონტეირუ (N4).

ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას უკრაინელ მარია სკორასთან გამართავს

60 კგ წონით კატეგორიაში მე-3 ნომრად განთესილი თემურ ნოზაძის ძირითადი კონკურენტები არიან რუსი იაგო აბულაძე (N1), ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი (N2), ფრანგები ველიდე ხიარი (N4) და ლუკა მხეიძე (N5), უკრაინელი არტიომ ლესიუკი (N6).

პირველ შეხვედრას თემურ ნოზაძე ისრაელელ მატან კოკოლაევთან გამართავს.

66 კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრადაა განთესილი ვაჟა მარგველაშვილი. მასთან ერთად ფავორიტებად მიიჩნევიან იტალიელი მანუელ ლომბარდო (N2), ესპანელი ალბერტო გაიტერო მარტინი (N3), რუსები არამ გრიგორიანი (N4) და მიხაილ პულიავი (N7), აზერბაიჯანელები ორხან საფაროვი (N5) და ნიჯატ შიხალიზადა (N6).

ვაჟა მარგველაშვილი პირველ წრეში თავისუფალია.

შეჯიბრების მე-2 და მე-3 დღეს იჭიდავებენ მარიამ ჭანტურია (70 კგ), სოფო სომხიშვილი (+78კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ, განთესვა N5), ლაშა ბექაური (90 კგ, N4), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ, N6), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ, N1), ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ, N3) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ, N8)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...