ლირა სუმბაძის 50 წელი თელავის ბაღში: მაშინ  წავალ, როცა ჩავთვლი, რომ საზოგადოებისთვის  ზედმეტი ვარ

79 წლისაა და 50 წელი თელავის მერვე საბავშვო ბაღში აქვს გატარებული, ამ წლების განმავლობაში არაერთი თაობა აღზარდა.

ამბობს, რომ ამაყობს პროფესიული არჩევანით და თითოეული დღე უყვარს, რომელსაც ბაღში, აღსაზრდელებთან ერთად ატარებს. ვერ წარმოუდგენია ბავშვების გარეშე ცხოვრება, ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაშია და არც ენერგიას უჩივის.

,,აიპრესის,, კითხვებს ღვაწლმოსილი პედაგოგი, საპატიო თელაველი ლირა სუმბაძე პასუხობს.

პროფესიული  არჩევანის  შესახებ  მინდა  გკითხოთ, რატომ მაინც  და  მაინც  საბავშვო  ბაღი?

1961 წელს ჩავირიცხე თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში და 1965 წელს დავამთავრე სრული კურსი სპეციალობით – დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა. ორი ვარიანტი იყო, უნდა მემუშავა ან სკოლაში დაწყებით კლასებში, ან საბავშვო ბაღში, სკოლამდელ ბავშვებთან. 1986 წელს შემცვლელ მასწავლებლად დავინიშნე #2 საბავშვო ბაღში, ახლანდელ მერვე ბაღში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ელიკო იობაშვილი. დამხვდა არაჩვეულებრივი, პროფესიონალი ადამინების გუნდი. ისეთი გამოცდილი ხალხის ხელში მოვხვდი და ვიმუშავე, რომ ჯერ დროებით ვიყავი აქ და ბოლოს გადავწყვიტე დარჩენა და აგერ უკვე 50 წელია ვერ შეველიე ამ ბაღს. ისე შეიჭრნენ ჩემს სამყაროში  სკოლამდელი ასაკის ბავშვები, ისეთი სიყვარული და სითბო ვიგრძენი მაგთან,რომ სხვაგან წასვლა აღარც მიფიქრია.  მიუხედავად იმისა, რომ ვიწრო იყო ჩვენი საბავშო ბაღი, ზეიმებს მაშინდელ კულტურის სახლში ვატარებდით, მოგვცეს სტადიონი, სადაც ფიზიკურად ვავარჯიშებდით ბავშვებს, გვქონდა უაღრესად აქტიური და დატვირთული სააღმზრდელო პროცესი. ყველას უყვარდა ჩვენი ბაღი, ყველა აქ მოხვედრას ცდილობდა, ჯგუფში 50 ბავშვზე ნაკლები არ მყავდა, ეს ახლაა სტანდარტი 20-25 ბავშვი, თორემ ადრე ჩემ ჯგუფში ტევა არ იყო ხოლმე.

მქონდა ბევრი შემოთავაზება, ბევრი მიმზიდველი წინადადება,  მაგრამ ეს ჩემი ძვირფასი კოლექტივი ვერ დავტოვე.

ალბათ   გაგიჭირდებათ  დათვლა,  იმდენი ბავშვი გყავთ აღზრდილი ამ წლების განმავლობაში.

ნამდვილად ვერ გეტყვით. წარმოიდგინეთ ჯგუფში 50 ბავშვი მყავდა, 4 წელიწადში ერთხელ ვიღებდი ახალ ჯგუფს და ასე გრძელდებოდა ხუთი ათეული წელი, რამდენი ბავშვი გამოდის. ქუჩაში რომ გავდივარ ხოლმე, ის პატარა ბავშვები უკვე დავაჟკაცებულები, დაქალებულები მხვდებიან და ზოგს ვერც კი ვცნობ ხოლმე.  ზოგი მანქანას გამიჩერებს, რომ სახლში წამიყვანოს, ზოგი მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად შესულს ფულს არ მახდევინებს, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის ჩემთვის. ამ დროს ვხვდები, რომ ტყუილად არ მიცხოვრია.

მარტო ის რად ღირს, მშობლების იმედიან, მადლიერ სახეებს რომ ვუყურებ, ქუჩაში რომ შემხვდებიან და სიყვარულით მესალმებიან. მათი ქცევა ხომ დიდი მადლიერების გამომხატველია,ეს კი უფრო დიდ სტიმულს მაძლევს და უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაგრძნობინებს ჩემი პატარა აღსაზრდელების მიმართ.

სწავლების   თქვენეულ   მეთოდებზე   გვიამბეთ…

ეხლა სულ სხვა სტანდარტებია, მაგრამ ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო, მაქსიმალურად  ვამზადებდით ბავშვებს სკოლაში მისასვლელად. მაგალითად, მოგვეთხოვებოდა, რომ  ბავშვებს უნდა ჰქონოდათ ძალიან  მდიდარი ლექსიკა, სიტყვათა მარაგი ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული, წიგნი უნდა ჰყავრებოდათ, წაკითხულის გააზრება უნდა სცოდნოდათ და მომთხოვნები ყოფილიყვნენ. ზღაპრები, მოთხრობები უნდა გაერჩიათ, ანდაზები, ლექსები უნდა სცოდნოდათ. აუცილებლად ვასწავლიდი მათ ოთხ მეფეს, დავით აღმაშენებელს,ჩვენს მეფე ერეკლეს, თამარ მეფეს და ვახტანგ გორგასალს, ეს აუცილებელი იყო. ახლაც მაქვს შენახული მდიდარი მასალა, ამოცანები, გამოცანები, უამრავი ინფორმაცია მაქვს, რისი გადაცემაც მინდა ბავშვებისთვის.

 რას ნიშნავს თქვენთვის ბავშვებთან ურთიერთობა?

ლირა მასწავლებელი არის ის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი პატარები. მთელი 50 წელი ამ პატარების აღზრდას, განათლებას, განვითარებას და სკოლისთვის მომზადებას შევალიე თავი.

არ ვნანობ არცერთი წუთით, რომ ეს პროფესია ავირჩიე. მე ვარ ჩემი წინამორბედი მასწავლებლების სახე, რომელთაგანაც ვისწავლე ყველა ღირსეული პროფესიული თვისება.

 არაერთი   ჯილდოს,   მადლობის   სიგელის   მფლობელი  ხართ, მათ   შორის   გაქვთ   თელავის  მოამაგის  საპატიო წოდებაც…

კი და ეს ჩემთვის დიდი პატივია. თელავის მოამაგის საპატიო წოდება 2016 წელს თელავქალაქობის დღესასწაულზე მომანიჭეს. მაშინ თელავის  მერი პლატონ კალმახელიძე იყო. ამ ამბავს კი წინ ერთი ღონისძიება უსწრებდა, სადაც თელავის  ცხრა ბაღი ვიყავით წარმოდგენილი, ყველას ჩვენ-ჩვენი პროგრამა გვქონდა. ეს ღონისძიება მე გავხსენი უფლის  სადიდებელი სადღეგრძლეოთი და თან ლექსიც მივაყოლე: მე თუ დავიკარგო, გელათში მეძებეთ,  ვიქნები ლოცვად დავარდნილი, სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა და ცა მეხურება საბანივით… საკმაოდ ვრცელი ლექსია, ჩემმა გამოსვლამ მაშინ დიდი მოწონება დაიმსახურა, ამის შემდეგ მომანიჭეს ეს წოდება, თელავის ცენტრალურ მოედანზე დამაჯილდოვეს, თავიდან ბაღის მენეჯერს არც მივყვებოდი, თითქოს მეუხერხულებოდა ეს ყველაფერი.

ასევე მაქვს მშობლების დ ბაღის მენეჯერის მადლობის სიგელები, განათლების სამინისტროს ჯილდო სამკერდე ნიშნით ,,სახალხო განათლების წარჩინებული,, და სხვა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა სააღმზრდელო მუშაობის გაგრძელებას?

ჯერჯერობით არავინ მაიძულებს რომ წავიდე. როგორც კი ვიგრძნობ, რომ  აღარ  შემიძლია ჩაცმა,  არ შემიძლია საზოგადოებაში ნორმალურად გასვლა, აღარ მოვგდგავ ფეხს საბავშვო ბაღში, იმიტომ რომ მე პირველ რიგში საკუთარ თავს და ასევე ხალხს ვცემ პატივს. ორი წლის წინ ვფიქრობდი წასვლას, მაგრამ ჩვენი ბაღის მენეჯერმა მითხრა, ქალბატონი ლირა, თქვენ ჯერ არ გეკუთვნით წასვლაო, მას შემდეგ საღამოს, გახანგრძლივებულ ჯგუფთან ვმუშაობ და ვარ ასე ჩემს პატარებთან.

ინტერვიუ მოამზადა ნათია ნანაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად