ლინას ლინკევიჩუსი: ქართველი სტუდენტებისთვის სასწავლო ვიზებზე ბიუროკრატია უნდა შევამციროთ

ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლიეტუველი პოლიტიკოსი გახლავთ. იგი ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრია 2012 წლის დეკემბრის შემდეგ.

კარიერის მანძილზე, ლინკევიჩუსი გახლდათ ლიეტუვას ელჩი ბელორუსში, ლიეტუვას მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ნატოში, თავდაცვის მინისტრი 1993-1996 და 2000-2004 წლებში. 1992-1996 წლებში იგი გახლდათ ლიეტუვას პარლამენტის წევრი და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე, ჩრდილოეთ ატლანტიკის ასამბლეაში სეიმის დელეგაციის ხელმძღვანელი.

ის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია საქართველოს სუვერენიტეტის. ლინას ლინკევიჩუსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა „აიპრესის“ წარმომადგენელმა ვახტანგ ნინიკაშვილმა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

დღესდღეობით საქართველოში რუსეთი აწარმოებს ინტენსიურ პროპაგანდას. და ყველაზე ბასრი იარაღი ამ პროპაგანდის წინააღმდეგ არის განათლებული საზოგადოება. თქვენ ახსენეთ ვიზა ლიბერალიზაცია და მინდა გკითხოთ ამის თემის შესახებ. როგორც სტუდენტს მაინტერესებს ეს თემა. ლიეტუვის რესპუბლიკის 2017 წლის საქართველოს დახმარების სამოქმედო გეგმაში წავიკითხე, რომ ლიეტუვამ ხელსაყრელი პირობები უნდა შეუქმნას საქართველოს მოქალაქეებს ლიეტუვაში სამუშაოდ და სწავლისთვის და წაახალისოს ქართველი სტუდენტები ისწავლონ ლიეტუვაში მათთვის გრანტების და მიზნობრივი სტიპენდიების გაცემის გზით.

ჩემი შეკითხვა ასეთია: 2017 წლის შემდეგ საქართველო და ევროპის კავშირი შეთანხმდნენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ, მაგრამ ქართველ სტუდენტებს ჯერ კიდევ უ

ხდებათ მოიპოვონ სასწავლო ვიზები განათლების მიღების გასაგრძელებლად ევროპის ქვეყნებში. ხომ არ ფიქრობთ რომ ეს ერთგვარი უსამართლობაა, რადგან ევროპულ ქვეყნებს შორის სტუდენტებს უფრო ადვილად შეუძლიათ საზღვარგარეთ ისწავლონ. ხომ არ ფიქრობთ, რომ შემდეგ ეტაპზე ყურადღება უნდა გამახვილდეს სწორედ ამ საკითხზე იმისათვის, რომ ქართველმა სტუდენტებმა უფრო ადვილად შეძლონ აქ მუშაობა და განათლების მიღება?

ლინას ლინკევიჩუსი: დიახ, გეთანხმებით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ გაუმჯობესდეს ეს ვითარება, შევამციროთ ბიუროკრატია, გავაფართოვოთ შესაძლებლობები. მაგრამ, ამავე დროს, საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია თავშესაფრის მაძიებლებთან ევროპაში. თავადვე უწყით, რომ ეს საშინელი მოვლენაა. თქვენ მოგანიჭეს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, მაგრამ არსებობს გარკვეული პირობები, ხოლო თუ ვითარება და ტრენდები არ იქნება პოზიტიური, მაშინ, ვფიქრობ, ეს პროცესი საფრთხის ქვეშ დადგება. ასე, რომ არც ეს საკითხია ნაკლებად მნიშვნელოვანი.

ასე რომ, ჩვენ ერთის მხრივ უნდა ვიმოძრაოთ გამარტივების მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ყველა ჩვენ და, განსაკუთრებით, საქართველო ძალიან დიდი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ამ გამოწვევებს, რადგან ამ გამოწვევებს შეუძლიათ ძირი გამოუთხარონ უკვე მიღწეულ შედეგებს. ეს არის ჩემი კომენტარი აღნიშნულ საკითხზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად