ლილუაშვილი: ოკუპირებულ რეგიონებში რუსული სამხედროების და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის და ევროპის უსაფრთხოებას

ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთოხების 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამეტშია გადაგზავნილი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია

“ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის და ევროპის უსაფრთხოებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დისლოცირებული რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა, საბრძოლო შესაძლებლობების და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წელს 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო სწავლება ჩაატარეს. ზემოაღნიშნულ სამხედრო ბაზებზე ასევე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღების და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება.

საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის კუთხით. საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე წარმოებდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რაც გამოიხატებოდა როგორც მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვით და სხვა დესტრუქციული ქმედებებით. საანგარიშო პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დინამიკამ მკაფიოდ აჩვენა, რომ აღნიშნული პროცესი საოკუპაციო ძალების მიერ დე ფაქტო უწყებებთან კარგად არის კოორდინირებული.

2019 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დაახლოებით 430 მეტრის სიგრძეზე უკანონოდ აღმართეს ლითონის მწვანე ღობე. აღნიშნულის შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლი და სარწყავი არხის ნაწილი.

2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიმართეს უკიდურესად შემაშფოთებელ და სახიფათო ქმედებებს, რამაც სერიოზულად დააზიანა უსაფრთხოების გარემო და დამატებითი პრობლემები შეუქმნა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები ამის ნათელი დადასტურებაა.
აღნიშული პროცესი დაიწყო 2019 წლის იანვრის თვეში, როდესაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარე ტყის მასივში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 1 კილომეტრის სიღრმეში, ყვითელი საღებავით მონიშნეს ხეები და გაკაფეს ბილიკები უკანონო პატრულირებისთვის.

უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის პრევენციისთვის და ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 250 მეტრის დაშორებით, ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო იქნა განთავსებული.
უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის პრევენციისთვის და ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 250 მეტრის დაშორებით, ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო იქნა განთავსებული.
უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი უკანონო პროცესის ფარგლებში, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელდა საოკუპაციო ხაზთან მძიმე ტექნიკის განთავსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მობილიზება, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1 კმ და 300 მეტრის სიღრმეში გზის გაყვანა და უკანონო ინსტალაციების აღმართვა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების პროვოკაციული მოქმედებების უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების გარკვეული დროის განმავლობაში უკანონო დაკავება, მით უფრო, რომ EUMM-ს არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან, არამედ აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერირების მანდატი აქვს.
29 აგვისტოს სოფელ ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს აღება, ხოლო 30 აგვისტოს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე – საგუშაგოს აღება და ტალკის ქარხნიდან სოფელ ჩორჩანამდე, ტყის მასივის ჩათვლით, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის 30 აგვისტოდან IPRM-ის ფორმატის ფარგლებში შვიდი ე.წ. ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ასევე დაფიქსირდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, მათ მიერვე 2018 წელს დაახლოებით 370 მეტრის სიგრძეზე აღმართულ ლითონის ბოძებზე ნაწილობრივ გაავლეს ლითონის მწვანე ღობე და მავთულხლართები” – ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც ხელს აწერს გიორგი ლილუაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად