ლილუაშვილი: 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო

ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთოხების 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამეტშია გადაგზავნილი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ხელმძვანელი გიორგი ლილუაშვილი ანგარიშში ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსული სამხედროების და სპეცსამსახურების აქტივობები საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის და ევროპის უსაფრთხოებას

ასევე ანგარიშში მოხვდა 20-21 ივნისის მოვლენები

“2019 წელს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იყო 20 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენები და მისი თანმხლები შედეგები. აღნიშნულმა დიდწილად დააზიანა ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო.
აგრესია, ძალადობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე უკონტროლო და ქაოტური ვითარების შექმნისკენ მიმართული ქმედებები და აღნიშნულის „მიღებულ ნორმად“ დამკვიდრების მცდელობები მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციური წყობილებისა და მმართველობის ფორმებისთვის. ჩამოთვლილი ქმედებები, გარდა იმისა, რომ მასშტაბური შიდა პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია, შესაძლოა, მყისიერად იქნეს გამოყენებული უცხო სახელმწიფოების მიერ ქვეყანაში უფრო მწვავე, შეუქცევადი პროცესების გააქტიურებისთვის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას ეკონომიკური უსაფრთხოება და ეკონომიკურ პროცესებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ჩარევის პრევენცია წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა ცალკეული სახელმწიფოების მიერ ეკონომიკური ბერკეტების საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების, მათ შორის, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით მანიპულირების მცდელობები და შესაძლო საფრთხეები.

სამსახურის მხრიდან აქტიურად მიმდინარეობდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ ან/და დაგეგმილ ეკონომიკურ ურთიერთობებში შესაძლო საფრთხეების გამოკვეთა და მათი შემცირებისთვის რეკომენდაციების შემუშავება” – ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად