ლილუაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე: ძალის გამოყენება ვფიქრობ, რომ თანაფარდი იყო და საკმაოდ ადეკვატური

სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებში გამოყენებული ძალა თანაფარდი იყო.

მისი განცხადებით, გავრილოვის ვიზიტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე არაერთხელ გამოითქვა პოზიცია, რომ პასუხისმგებლობა აიღო მთლიანად საქართველოს ხელისუფლებამ.

“რამდენად თანაბარზომიერი იყო პასუხისმგებლობის სიმძიმე ჩადენილ პროვოკაციასთან მიმართებაში, ჩემი შესაფასებელი ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, რომ თანაფარდი იყო და საკმაოდ ადეკვატური. ეს ჩემი პირადი შეფასებაა და არა როგორც სამსახურის უფროსის” განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ის დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

შეკითხვაზე, გასცა თუ არა სუს-მა რეკომენდაციები, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ “დიახ, გასცა” და რამდენიმე პირის შეკავება სწორედ სუს-ის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა.

“დიახ გასცა. რამდენიმე პირის შეკავება ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ და შემჩნეულები იყვნენ დესტრუქციულ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებში” – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, გავრილოვის ვიზიტის დროს გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად, იგი ამავე უწყების ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი. მისი კანდიდატურის განხილვა, დღეს დილიდან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს. კომიტეტის მხარდაჭერის შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილს სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პარლამენტი დაამტკიცებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად