ლიეტუვას თავდაცვის ყოფილი მინისტრი: ჟიგიმანტას პავილიონისის პოზიცია მისი პარტიისაა და არა ქვეყნის მთავრობის და სახელმწიფოსი

ლიეტუვის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აუდრიუს ბუტკევიჩიუსმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები შეაფასა და დიპლომატი გააკრიტიკა. მას მიაჩნია, რომ ის ახლა არის ერთ-ერთი მაღალი რანგის დიპლომატი და მან უნდა წარმოადგინოს სახელმწიფოს პოზიცია და არა მეგობრული ურთიერთობით ან პარტიული პოზიციებით იხელმძღვანელოს.

„მინდა ვთხოვო ქართველ პოლიტიკოსებს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პარტიას მიეკუთვნებიან, რომ გვაპატიონ ლიეტუვის წარმომადგენლის ასეთი დამოკიდებულება. საქართველოში ჩასვლამდე ლიეტუვაში პავილიონისმა განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანი იყო სიტუაციის დაბალანსება. თბილისში ჩასვლის შემდეგ კი ის კონფლიქტის ნაწილი გახდა და მეტიც – მან დაიწყო საუბარი პოლიტიკური აგრესიით და „დიდი ძმის პოზიციით” – სანქციებზე საქართველოს წინააღმდეგ.

ეს ნიშნავს, რომ მან ვერ გაიგო,  რა იყო მისი როლი. საქართველოს ნებისმიერი წარმატება არის ლიეტუვის დიდი წარმატება. საქართველოს მომავალ წარმატებას ნატოსა და ევროკავშირში ლიეტუვიდან უდიდესი მხარდაჭერა აქვს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მმართველი პარტია საქართველოში.

ლიეტუვის ინტერესია საქართველოს მხარდაჭერა, მაქსიმუმის გაკეთება საქართველოს დასახმარებლად და არა რომელიმე მხარეს ყოფნა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ არ არის საქართველოში პოლიტიკოსი, ვისთვისაც მისაღები იქნება ლიეტუველი პარლამენტარის ასეთი დამოკიდებულება. მე ვიცნობ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას და არავინ საჭიროებს უცხოელებისგან ასეთ დახმარებას ან ამგვარ პოზიციას.

პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ეს პიროვნება კონფლიქტის მონაწილე ხდება ჩვენს მეზობლებთან. შეიძლება ეს ხასიათის ბრალია.

როგორც ჩვენ, ის ფიქრობს, რომ ოპოზიცია არის უფრო ახლოს მის პარტიასთან. ასე იქცა მისი პოზიცია პარტიულ პოზიციად და არა ლიეტუვის მთავრობისა და სახელმწიფოს პოზიციად. ამიტომაც ვთხოვ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ გვაპატიონ ამ გაუგებრობისთვის.

ის ახლა არის ერთ-ერთი მაღალი რანგის დიპლომატი და მან უნდა წარმოადგინოს სახელმწიფოს პოზიცია და არა მეგობრული ურთიერთობით ან პარტიული პოზიციებით იხელმძღვანელოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახით ძალადობა მიუღებელია. ქვეყანა საკუთარი კანონმდებლობის და კონსტიტუციის დაცვის თანახმად უნდა მოქმედებდეს“, – აცხადებს ბუტკევიჩიუსი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ვიზიტისას ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა: “თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, მომავლის დაკარგვაც გსურთ? თუ არ გაერთიანებით, დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად