ლიბერთი ბანკის საგანგებო განცხადება ყალბი 20 ლარიანი ბანკნოტის გავრცელებაზე

ლიბერთი ბანკი ყალბი 20 ლარიანი ბანკნოტის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ თითქოსდა ლიბერთი ბანკის ბანკომატის საშუალებით 20 ლარიანი ბანკნოტის გაცემასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას. 

ლიბერთი ბანკში დანერგილია ბანკის ქსელის მეშვეობით თანხის მიმოქცევის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, რაც სრულად უზრუნველყოფს ყალბი ბანკნოტების გავრცელების პრევენციას ქსელის მასშტაბით. ბანკის თანამშრომლები მკაცრად ითვალისწინებენ ბანკომატში თანხის ჩატვირთვის უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს. ბანკომატში ძირითადად იტვირთება ეროვნული ბანკისგან მიღებული ბანკნოტები. ბანკომატის ქსელში ჩატვირთვამდე, ბანკის ფულის მიმოქცევის დეპარტამენტისა და ბანკომატების ჯგუფის შესაბამისი სპეციალისტების მიერ ბანკნოტები მოწმდება Giesecke &Dervient ყალბი ბანკოტების ამომცნობი და დამხარისხებელი მოწყობილობების მეშვეობით, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია აღნიშნული მოწყობილობების წარმოების ბაზარზე და სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს.

მოწყობილობა სათითაოდ ამოწმებს თითოეულ ბანკნოტს და ცალკე გამოყოფს საეჭვო ბანკნოტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა დამატებით მოხდეს ბანკნოტების ვიზუალური დათვალიერება და ელექტრო მოწყობილობით შეფასება. ბანკომატში იტვირთება მხოლოდ შემოწმების შედეგად დამტკიცებული ბანკნოტები.ლიბერთი ბანკი საკუთარ მომხმარებელს 450-მდე ბანკომატით ემსახურება, საიდანაც მომხმარებელს ყოველთვიურად საშუალოდ 170 მილიონ ლარამდე მოცულობის თანხა გააქვს.

რაც შეეხება, ფულადი თანხის მიმოქცევას ლიბერთი ბანკის მომსახურების ცენტრებში, მოლარე ოპერატორები და სხვა შესაბამისი თანამშრომლები, ვიზუალური დათვალიერების გარდა, კუპიურებს ამოწმებენ სპეციალური ელექტრონული მოწყობილობებით, რაც დამატებით უზრუნველყოფს ყალბი ბანკნოტების მიმოქცევის პრევენციას საბანკო ქსელის სალაროებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ სალაროში მოხვედრილი თანხა, ბანკომატში მოხვედრამდე ვიზუალური დათვალიერების და სალაროს ელექტრო მოწყობილობის შემოწმების გარდა, დამატებით სრულად გაივლის ბანკომატში თანხის ჩატვირთვის უსაფრთხოების ზემოაღნიშნულ პროცედურას.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკში მკაცრად არის დაცული უსაფრთხოების წესები და გამოვრიცხავთ ბანკომატის საშუალებით ყალბი ბანკნოტის გავრცელების შესაძლებლობას, ლიბერთი ბანკი მზად არის ნებისმიერი ფორმით ითანამშრომლოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან გავრცელებულ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პარალელურად, ლიბერთი ბანკი განაგრძობს საკუთარი მომხმარებლების უფლებების დაცვასა და მათ ფინანსურ უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამ მიზნით მომხმარებელს საკუთარი უფლებების უკეთ დასაცავად რამდენიმე ალტერნატიულ მექანიზმს სთავაზობს, რომლითაც მათ 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ფიზიკურად ბანკის მომსახურების ნებისმიერ წერტილში მისვლით, ასევე დისტანციურად, სატელეფონო ცენტრისა ან ვებ გვერდის -www.libertybank.ge – გამოყენებით", – ნათქვამია ლიბერთი ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ყალბი 20 ლარიანი ბანკნოტის გავრცელებაზე ინფორმაცია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად