ლია მუხაშავრია: უკვე მეორე ათეული წელია, ქვეყანაში გამოძიება არ არის დამოუკიდებელი

აჭარის ტელევიზიის გადაცემა “კვირის მთავარში” პირდაპირი ჩართვისას, იურისტმა ლია მუხაშავრიამ პარალელები გაავლო გიორგი შაქარაშვილისა და  დავით სარალიძის საქმეებს შორის.

მუხაშავრიას თქმით, არც “ხორავას ქუჩის” საქმეზე და არც გიორგი შაქარაშვილის შემთხვევაში ვერ ხედავს გამოძიების ეფექტიან და კვალიფიციურ მუშაობას.

“სამწუხაროდ, შეიძლება შევადაროთ ეს ორი საქმე და სამწუხაროდ, შეიძლება შევადაროთ, მხოლოდ ნეგატიური კუთხით. მიმაჩნია, რომ არც იმ შემთქვევაში და არც შაქარაშვილის საქმეზე არ ჩანს, რომ გამოძიება მოქმედებს ეფექტურად, კვალიფიციურად, დროულად, ყველა სამხილის და მტკიცებულების მოპოვებას ახერხებს და ყველა კითხვაზე აქვს პასუხი. ეს არ არის ის უბედურება, რომელიც დაიწყო „ხორავას ქუჩის“ საქმეზე და დღეს გამოვლინდა შაქარაშვილის საქმეზე.

ძალიან დიდი ხანია ვასაჩივრებ საქმეებს ევროსასამართლოში და მათ შორის სიცოცხლის უფლების საქმეთა ცუდი გამოძიება, ან საერთოდ გამოუძიებლობა არის ამ საქმის ძალიან სერიოზული პრობლემა. გაგახსენებთ, რომ სულ ახლახანს, 2006 წლის მარტის ე.წ. “ციხის ამბოხის” საქმეზე გამოვიდა გადაწყვეტილება, რომელშიც ასევე დაგმობილია ის ფაქტი, რომ პატიმართა გარდაცვალების საქმეზე სათანადო გამოძიება არ ჩატარდა.

ანუ, გამოძიებას ხარვეზები აქვს, შეიძლება ითქვას უკვე მეორე ათეული წელია. გამოძიება არ არის დამოუკიდებელი, ამაზე მარტო მე არ ვსაუბრობ, ამას მოწმობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები, რომ ამ ქვეყანაში გამოძიების ხარვეზები მუდმივად თვალშისაცემია, განსაკუთრებით ასეთ რთულ და საზოგადოებისთვის ძალიან საყურადღებო საქმეებზე.

ამ პერიოდში, რაკი რადიკალური რეფორმა ამ კუთხით ქვეყანაში არ განხორციელდა, ჩემი ღრმა რწმენით, გამოძიებამ, გამომძიებლებმა, პროკურატურამ კვალიფიკაცია ისე დაკარგა, რომ მაშინაც კი, როცა მათ მართლაც უნდათ გამოძიება და ყველაფრის დადგენა, ამას უკვე ვეღარ ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა, უამრავი ახალი შესაძლებლობა არსებობს ფაქტებისა და მტკიცებულებების დასადგენად.

მიზეზი ის გახლავთ, რომ გამოძიება შეეჩვია დაკვეთებს, შეეჩვია იმას, რომ გარკვეული ინტერესების კვალობაზე ახდენს თავის საქმიანობის განხორციელებას. საბოლოო ჯამში, ეს იწვევს იმას, რომ გამომძიებლები კარგავენ კვალიფიკაციას და ისინი ვერარ ახერხებენ მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას”,-განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად