ლია მუხაშავრია: ეს იყო ადამიანით ვაჭრობა, მუხთარლის საქმე საქართველოს დიდ ზიანს მოუტანს

„აფგან მუხთარლი საქართველოს წინააღმდეგ“, – ასე ჰქვია საქმეს, რომელიც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში შეიტანა. ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა განაცხადა და აღნიშნა:

„ევროსასამართლოში შევიტანე სარჩელი, ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ჩემს საქმეს ჰქვია აფგან მუხთარლი საქართველოს წინააღმდეგ, მრცხვენია, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა“, – ამბობს მუხთარლი, რომელმაც ჯერ კიდევ 11 მარტს დაანონსა, რომ ევროსასამართლოში სარჩელს შეიტანდა.

რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ამ საქმემ საქართველოს? – ამ საკითხებზე „აიპრესი“ უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი სამარცხვინო ფაქტია საქართველოს უახლეს ისტორიაში.

„ეს ფაქტი ჩემი აზრით ძალიან სამარცხვინო ფაქტია ჩვენ უახლეს ისტორიაში. იმიტომ, რომ ადამიანი სამშობლოდან გამოექცა რეპრესიებს და ითხოვა თავშესაფარი. ჩამოვიდა და ცხოვრობდა ქვეყანაში იმ იმედით, რომ ქართული მხარე მას არ გადასცემდნენ აზერბაიჯანს. ეს არის ამ საქმის ერთი მხარე.

ამ საქმის მეორე მხარეა ის, რომ ეს კაცი მედიის წარმომადგენელი იყო და რა ფორმითაც მოხდა ჟურნალისტის გადაცემა აზერბაიჯანული მხარისთვის ეს კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოს მხარის დანაშაულს.

ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებით, რაც მე მსგავს საქმეებთან დაკავშირებით მაქვს, ეს იყო ადამიანით ვაჭრობა. ეს მოხდა საქართველოში. მას შემდეგ, რაც 2003 წელს ჩვენ მივიღეთ ევროსასამართლოში „შამაევი და 12 სხვა“. ამის შემდეგ საქართველოს მხრიდან აღარ ყოფილა არცერთი უკანონო გადაცემა რომელიმე სახელმწიფოსთვის. აფგან მუხთარლის საქმეზე ეს იყოს სრულიად აღმაშფოთებელი ფაქტი ჩემთვის“, – ამბობს მუხაშავრია.

კითხვაზე, ეს ფაქტი დააზარალებს თუ არა საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და რამდენად სერიოზული ზიანი შეიძლება მიადგეს ჩვენ ქვეყანას? – უფლებადამცველი ასე პასუხობს:

„რა თქმა უნდა, სერიოზულად დააზარალებს. ერთი მხრივ იმიტომ, რომ საქმე ეხება ჟურნალისტს, რომელიც ორმაგად და სამმაგად უნდა იყოს დაცული ასეთი გადაცემისგან, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენელი. მეორეა, ის, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას ისეთი პრაქტიკა, რომ მსგავსი დარღვევა არ განმეორდეს. მაგრამ, მე როგორც უფლებადამცველი და ევროსასამართლოში საქმეთა მწარმოებელი იურისტი ვიტყვი, რომ მოხარული ვიქნები, რაც უფრო მკაცრი გადაწყვეტილება გამოვა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ამ გადაწყვეტილებით მაინც მოხდეს ის ცვლილება, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი ამდენი წელი და რომ ასეთი ფაქტები ამ ქვეყანაში აღარასოდეს არ განმეორდეს.

ვახსენე საქმე – „შამაევი და 12 სხვა“. თავის დროზე ჩემი მიზანი ის კი არ იყო, რომ ჩეჩნებს კომპენსაცია მიეღოთ და რუსეთისა და საქართველოს მთავრობისთვის პასუხი მოეთხოვათ, არამედ ჩემი უპირველესი ამოცანა იყო ის, რომ ამ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა სამუდამოდ აღმოფხვრილიყო სამუდამოდ. მე ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც აფგან მუხთარლის საქმის შესახებ გავიგე“, – უთხრა „აიპრესს“ ლია მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. იგი საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელებულ დევნას გაურბოდა. აზერბაიჯანში დაპატიმრების შემდეგ მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად დღემდე იძიებს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...