საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბიუჯეტის გაზრდა ლევილის მამულს უკავშირდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტი მოიცავს სამინისტროს საქმიანობის ფართო სპექტრს, როგორიც არის პოლიტიკური საკითხები, ეკონომიკური და პოლიტიკური დიპლომატია, დიასპორასთან ურთიერთობა და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დაცვა. კონტსანტინიდი იმ მნიშვნელოვანი საგარეო აქტივობების და ღონისძიებების შესახებ საუბრობს, რომელიც 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.

“საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება მომდევნო წელს, ეს იქნება 22 მილიონნახევარი ლარით ზრდა და ბიუჯეტის მოცულობა საბოლო ჯამში იქნება 159 მილიონი ლარი. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები იქნება მომავალ წელს საქართველოსთვის. გაგრძელდება ის მზარდი დინამიკა, რაც ამ ბოლო პერიოდშია. ეს პირველ რიგში გახლავთ საქართველოს თავმჯდომარეობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, რაც თავისთავად წარმოშობს აუცილებლობას რიგი ღონისძიებებისა და ასეთი ღონისძიებების რაოდენობა დაახლოებით 25-მდეა, როგორც თბილისში ასევე სტრასბურგში”-განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით არსებულ სხვადასხვა პროგრამებზე და აღნიშნა, რომ რაც დიასპორასთან ურთიერთობა საგარეო საქმეთა სამინისტროს პორთფელის ქვეშ გადმოვიდა, ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან გააქტიურებულია.

„მას შემდეგ რაც დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი პორთფელის ნაწილი გახდა, ძალიან გავააქტიურეთ მუშაობა ამ მიმართულებით. გამოიკვეთა კონკრეტული ინციატივები, არის 10-მდე მუდმივი პროგრამა, რომელსაც ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია ვახორციელებთ. ეს არის დიასპორული ინიციატივების პროგრამა, საგრანტო პროგრამები, ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის დიასპორის დღეები, რა თქმა უნდა აქცენტები კეთდება და მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საკვირაო სკოლებს, გავზარდეთ საკვირაო სკოლების რაოდენობა სხვადასხვა ქალაქებში და ვგეგმავთ რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს“-აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ მათი რაოდენობის გაორმაგება იგეგმება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინოვაციაა ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტი, მათი რაოდენობა დღეს 15-ია და გვინდა რომ გავაორმაგოთ. ეს არის ეფექტური მექანიზმი ქვეყნის პოპულარიზაციის და გვსურს რომ ესა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ზოგადად დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებს მზარდი ბიუჯეტით ვხვდები“-განაცხადა კონსტანტინიდმა.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა დიასპორულ საკითხებზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა ლევილის მამულზე. მისი ინფორმაციით, მუშავდება შესაბამისი პროგრამა და გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში, სავარაუდოა რომ ლევილის მამულის ევროპაში საქართველოს კულტურის ცენტრად ჩამოყალიბება უფრო ადრე დასრულდება, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო.

„2026 წლის ნაცვლად, ვვარაუდობთ რომ ლევილის მამულის კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბება 2023 წელს დასრულდება.“-აღნიშნა კონსტანტინიდმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად