ლევილი – “მორალური ანდერძით” გადმოცემული “ქართული კერა” დიდი სიახლეების მოლოდინში – ინტერვიუ გოჩა ჯავახიშვილთან

ლევილის მამულის და შატოს – ქართველი ერის საკუთრების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს…ამ დიდ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველ დიპლომატს, ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს გოჩა ჯავახიშვილს.

გთავაზობთ ინტერვიუს გოჩა ჯავახისვილთან, რომელიც ჟურნალისტმა, ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემიის ხელმძღვანელმა ლეილა კვირიკაშვილმა ჩაწერა

– ბატონო გოჩა, მეხუთე წელი იწურება, რაც საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რამაც დაასრულა 25 წლიანი ისტორიული პროცესი და მამული საქართველოს დაუბრუნდა. როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას?

– 2016 წლის 23 სექტემბერს ხელი მოეწერა ნოტარიულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ლევილის ქართული მამული და შატო პირობითი ჩუქების სტატუსით დაუბრუნდა ქართველ ერს და დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს, როგორც იყო იმ მფლობელთა „მორალურ ანდერძში“ გაცხადებული ნება, რომელთა სახელზეც გაფორმდა თავის დროზე მამული და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება.
სანოტარო აქტზე ხელმოწერით დასრულდა 25 წლიანი მოლაპარაკებების რთული პროცესი იმ ოჯახების წარმომადგენლებთან, რომელთა სახელზეც იყო რეგისტრირებული შატოცა და მამულიც.

– პირობითი ჩუქება რომ განმარტოთ…

– პირობითი ჩუქება ფრანგული სამართლის მიხედვით გულისხმობს ქონების გადაცემას, წინასწარ შეთანხმებული გარკვეული პირობების სანაცვლოდ. საფრანგეთში საქართველოს საელჩოს დესპანის სტატუსით 2010 წლიდან ვიყავი უშუალოდ ჩართული მოლაპარაკებების პროცესში და გახლდით მამულის საქართველოსთვის დაბრუნების პროცესის მოსამზადებლად სპეციალურად შექმნილი პარიტეტული კომისიის წევრი, ხოლო მამულის საქართველოსთვის გადაცემის შემდეგ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე შექმნილი მმართველი საბჭოს წევრი ვარ დღემდე. გულწრფელად მიხარია, რომ ამ ისტორიულ პროცესში მივიღე მონაწილეობა და რომ მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ნოტარიულ აქტზე ჩემი ხელმოწერაცაა.

– მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა… ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრების რამდენ ოჯახთან აწარმოებდით მოლაპარაკებებს და რა სახის სირთულეების დაძლევა მოხდა?

– პარიტეტული კომისიის შექმნამდეც რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მამულის საქართველოსთვის დაბრუნების თაობაზე, თუმცა გარკვეული მიზეზებისა და სირთულეების გამო ეს პროცესი გაჭიანურდა და ჩიხში შევიდა.
ყველამ იცოდა, რომ მამული შეძენის დღიდან დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის აქტივებით იყო შეძენილი და ის ქართველ ერს ეკუთვნოდა. ამას არც არავინ უარყოფდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქონების შეძენასა და მის ფაქტობრივ მფლობელებად რეგისტრირებულ ოჯახებს სურდათ მამულში შენარჩუნებულიყო პირველი რესპუბლიკის, მის შემოქმედთა კვალი და საქართველოს ღირსეული პატივი მიეგო პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთათვის და იმ ისტორიული მემკვიდრეობისათვის, რომელიც საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ სამწლიანი არსებობის განმავლობაში დაუტოვა მომავალ თაობებს.

საამისოდ კი, როგორც თავად ლევილის მამულში, ასევე საქართველოში, ოჯახების სურვილით, ღირსეული პატივი უნდა მიგვეგო რესპუბლიკის ხსოვნისადმი. მამულში მოწყობილიყო სამუზეუმო სივრცე, რომელიც წარმოაჩენდა როგორც პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობასა და პოლიტიკურ ემიგრაციაში გაწეულ საქმიანობას, ასევე ზოგადად, საფრანგეთში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიას, მოწყობილიყო საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი, სადაც ისტორიკოსებს, მკვლევარებს შეეძლებოდათ ემუშავათ საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვან პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე მთავარ შენობაში დაარსებულიყო ფრანგულ-ქართული ისტორიულ-კულტურული ცენტრი, რომელიც სამომავლოდ უმასპინძლებდა ქართველ ახალგაზრდებს, სტიპენდიანტებს. ეს გახლდათ მამულის არსი და დანიშნულება, წინაპართა მიერ შედგენილი ანდერძის მიხედვითაც, უნივერსიტეტსა და ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა უნდა მისცემოდათ ლევილის მამული მომავალი თაობების განათლებისა და ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით გამოსდგომოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის უნივერსიტეტის დაარსება სამიოდე თვით უსწრებდა წინ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, პირველი რესპუბლიკის მთავრობა მას საკუთარ პირმშოდ განიხილავდა და ძალიან ეძვირფასებოდა. ხოლო საქართველოში ოჯახების მოთხოვნით უნდა გადაგვეხედა სასკოლო სახელმძღვანელოებში საქართველოს რესპუბლიკის შესახებ შეტანილი ინფორმაციისათვის, რაც მათი შეფასებით, ძალიან მწირი და ზოგჯერ არაზუსტი იყო.

მათ სურდათ, დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპირობების, უშუალოდ პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის, მათი მიღწევებისა და საერთაშორისო აღიარების შესახებ უფრო მეტი და ისტორიულად ობიექტური ინფორმაცია მიეწოდებინა განათლების სამინისტროსა და ისტორიულ-სამეცნიერო წრეებს მომავალი თაობებისათვის. ამასთან ერთად, უნდა გახსნილიყო ნოე ჟორდანიას და მისი მთავრობის წევრთა უკვდავსაყოფად ბიუსტები, მემორიალური დაფები მათ ყოფილ საცხოვრებელ შენობებზე. ქუჩებს, გამზირებს, მოედნებს დარქმეოდა პირველი რესპუბლიკისა და მის შემოქმედთა სახელები, მოწყობილიყო სამეცნიერო-საუნივერსიტეტო კონფერენციები, რომლებიც პირველი რესპუბლიკის ცნობადობას გაზრდიდა და ხელს შეუწყობდა დამოუკიდებელი საქართველოს სამწლიანი პერიოდის მიღწევათა პოპულარიზაციას ქვეყანაში.

სირთულეს ის ქმნიდა, რომ დასაწყისში ოჯახების წარმომადგენელთა ერთი ნაწილი ამ პირობების შესრულებას მამულის გადმოცემის წინაპირობად განიხილავდა. თუმცა, პარიტეტული კომისიის მოლაპარაკების პროცესში ნელ- ნელა გაჩნდა და გაიზარდა ნდობა და იმდროინდელი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას აქტიური ჩართულობით 2011 წლის მაისის ბოლოს მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც აღიარებდა, რომ მამული საქართველოს ისტორიული, სიმბოლური საკუთრება იყო და მხარეები ვალდებულებას კისრულობდნენ ყველაფერი გაკეთებულიყო, რათა მამული საქართველოს დაბრუნებოდა იმ პირობით, რომ საქართველოშიც და მამულშიც საქართველოს პირველი რესპუბლიკისა და მისი დამფუძნებლების ხსოვნას მიეგებოდა ღირსეული პატივი. ეს მემორანდუმი დაედო საფუძვლად მოლაპარაკებების შემდეგ პროცესს, რამაც მიგვიყვანა მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემის ნოტარიულ აქტამდე.

– ბატონო გოჩა, მოდით, გავახსენოთ მკითხველს ლევილის მამულის შესყიდვის ისტორია. საფრანგეთში დევნილი საქართველოს დემოკრატიული მთავრობის რომელი წევრების დამსახურებაა, რომ 21-ე საუკუნეში სამართლებრივად შესაძლებელი გახდა ისტორიული მამულის საქართველოს საკუთრებაში გადმოცემა.

-დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებაში 1921 წლის თებერვალ-მარტის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, როცა საბჭოთა ბოლშევიკურმა არმიამ დემოკრატიული საქართველოს ტერიტორია დაიპყრო და მისი ტერიტორიის ანექსია განახორციელა, ეროვნული მთავრობა და დამფუძნებელი კრების ნაწილი, ისე, რომ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს არ მოუხსნია თავისი უფლება-მოვალეობა, ემიგრაციაში გაემგზავრა, რათა იქ გაეგრძელებინა დაკარგული დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად ბრძოლა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური მუშაობით, დიპლომატიური გზებითა და სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფორუმებში მონაწილეობით, საერთაშორისო ზეწოლით ეიძულებინათ რუსეთი უარი ეთქვა საქართველოს ოკუპაციაზე.

პოლიტიკური ემიგრაციის ადგილად ბუნებრივიც იყო, რომ საფრანგეთი იქცა, რადგან პარიზი იყო მაშინდელი საერთაშორისო პოლიტიკური ცენტრი, იქ იმყოფებოდა ერთა ლიგა და იმართებოდა სამშვიდობო კონფერენციები, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ ქართველი პოლიტიკოსები.

ლევილის მამულის ქართული ისტორია 1922 წლიდან იწყება. 1921 წელს საქართველოდან ჩასული პოლიტიკური ემიგრანტები მთელს საფრანგეთს მოედნენ, ვინც სად და როგორც მოახერხა, იქ დაფუძნდა. ძირითადი კონცენტრაცია მაინც პარიზსა და მის გარეუბნებში იყო. ასევე ქალაქ სოშოში, სადაც ქართველები პეჟოს ქარხანაში მუშაობდნენ.

ლევილის მამული რომ იყიდებოდა, გადასახლებაში მყოფ მთავრობის მეთაურს, მთავრობის განკარგულებით შექმნილი სპეციალური პარიტეტული კომისიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ელიგულაშვილმა მოახსენა და მისი უშუალო ჩართულობით შეიძინეს შატო და მამული 1922 წლის 24 ივნისს (იმდროინდელი 130 000 ფრანკის საფასურად). იოსებ ელიგულაშვილი ქართველი ებრაელი იყო და მომავალშიც ბევრი კეთილი საქმის სულისჩამდგმელი.

– იოსებ ელიგულაშვილი იყო ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად საქართველოს ეროვნული საგანძურის საქართველოდან საფრანგეთში გატანის ერთ-ერთი ორგანიზატორიც.

– გეთანხმებით, უეჭველად, ყველა პიროვნება ღვაწლის მიხედვით უნდა დავაფასოთ… 1922 წლის ივნისში, ნასყიდობის აქტს ხელი ნიკოლოზ ჯაყელმა და ბენია ჩხიკვიშვილმა მოაწერეს და მამული თავდაპირველად მათ სახელზე გაფორმდა. იქვე შედგა აქტი, რომელიც აზუსტებდა, რომ ხელმომწერნი პირობით მფლობელები იყვნენ, რადგან ქონება საქართველოს საკუთრება იყო და არავის ჰქონდა მისი ან გასხვისების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება და რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნებისთანავე ქონება უნდა დაბრუნებოდა მის ისტორიულ და კანონიერ მფლობელს, ქართველ ერს.

ვინაიდან ბენია ჩხიკვიშვილი საქართველოში დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიეღო 1924 წლის აჯანყების მომზადებაში, მოგვიანებით კი იგი დაიჭირეს და დახვრიტეს, ეროვნულმა მთავრობამ, იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთის კანონების მიხედვით ,,უპატრონო ქონება სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს“ და ლევილის ერთ-ერთი მფლობელის სიკვდილის გამო მამულს დაკარგვის საფრთხე არ დამუქრებოდა, გადაიხადეს მხოლოდ ის სავალდებულო თანხა, რაც აუცილებელი იყო უძრავი ქონების გაყიდვისთვის და მამული დარეგისტრირდა, როგორც საგანგებოდ ამ მიზნით შექმნილი ამხანაგობის საკუთრებად, რომელსაც „ქართული კერა“ დაერქვა.

ამხანაგობას წარმოადგენდნენ (სოციალ-დემოკრატთა, ეროვნულ დემოკრატთა და სოციალისტ-ფედერალისტთა წარმომადგენლები ) : საქართველოს დემოკრატიული მთავრობის თავჯდომარე ნოე ჟორდანია, საფრანგეთში საქართველოს ელჩი აკაკი ჩხენკელი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, საქართველოს დამფუძნებელი კრების თავჯდომარის მოადგილე, ეროვნულ- დემოკრატი ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, სოციალ- ფედერალისტთა პარტიის ლიდერი სამსონ ფირცხალავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი კონსტანტინე კანდელაკი. აღნიშნულმა შემადგენლობამ 1928 წლის 30 აპრილს პარიზში დაწერა ეგრეთ წოდებული „მორალური ანდერძი“, სადაც ჩაწერეს:

1. მამული, მდებარე სოფელ ლევილში, საფრანგეთში, სენისა და უაზის დეპარტამენტში და ცნობილი სახელწოდებით ,,Château Georgien-ის“ (ლევილის შატო“), რომელიც შეძენილია საჯარო ვაჭრობაზე 10 თებერვალს 1927 წ. საზოგადოების ,,Foyer Georgien-ის“ (ქართული კერის) მიერ, რომლის წევრნი ვართ ჩვენ, ზემოთ აღნიშნულნი პირნი, ნაყიდი არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფულით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკუთრებას შეადგენს…

2. ყოველგვარი შემოსავალი მამულიდან და ყოველგვარი განკარგულება მამულის შესახებ ეკუთვნის სავსებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას და ჩვენ ვალდებულნი ვართ დავემორჩილოთ მის განკარგულებას მამულის შესახებ…

3. არც ჩვენ პირადად და არც ჩვენს მემკვიდრეებს უფლება არ გვაქვს ვისარგებლოთ აღნიშნული მამულით ან იმის შემოსავლით გარეშე საზოგადოების ,, Foyer Georgien-ის” დადგენილებისა“…

ანდერძს ხელს აწერენ: 1. ნოე ჟორდანია, 2. აკაკი ჩხენკელი, 3. ნოე რამიშვილი, 4. ექვთიმე თაყაიშვილი, 5. ევგენი გეგეჭკორი, 6. სამსონ ფირცხალავა, 7. კონსტანტინე კანდელაკი.

აღნიშნულ ანდერძზე დაყრდნობით დაიწერა კიდევ ერთი „ანდერძი“ ნოე ჟორდანიას გარდაცვალების შემდეგ, სადაც განმეორდა იგივე პირობები და დაზუსტდა, რომ მამული ქართველ ერს დაუბრუნდებოდა, როგორც კი იგი აღიდგენდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და საფრანგეთთან ექნებოდა დიპლომატიური ურთიერთობები. ეს უკანასკნელი პირობა ერთვარი გარანტია იყო, რომ საქართველო ჭეშმარიტად დამოუკიდებელი თუ არ იქნებოდა, საფრანგეთი მასთან არ დაამყარებდა დიპლომატიურ ურთიერთობებს. ამავე დოკუმენტში ადგილს ენიჭებოდა სოციალური მისია, რათა ქართული ემიგრაციის უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებელი არ გააჩნდათ, შეძლებოდათ მამულში ეპოვათ ჭერი. ამ პირობაზე დაყრდნობით შედგა ე.წ. კომოდატი, რომლის საფუძველზე მამულში ცხოვრობდნენ ქართული კერის მიერ შეფარებული ადამიანები, რომლებიც სიმბოლურ ფინანსურ მონაწილეობას იღებდნენ მამულის მოვლაში.

როგორც ვიცით, დღემდე ცხოვრობენ ლევილის შატოში ემიგრანტები…

– საქართველოსთვის მამულის გადაცემის შემდეგ აღნიშნული ბინადრობის სტატუსით კიდევ 4 ადამიანი ცხოვრობს მამულის ტერიტორიაზე. გადაცემის ნოტარიული აქტით კომოდატი გაუქმდა, სამაგიეროდ, საქართველომ იკისრა იმ ადამიანთათვის საცხოვრებელი პირობების მოწყობა, ვისაც სხვაგან არ გააჩნდათ საცხოვრებელი.

– ლევილის მამულში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით, აღდგენა-რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი განხორცილდა და ახლა უკვე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით განხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროექტები. სტრუქტურულად როგორ ჩამოყალიბდება და როგორ შინაარსს შეიძენს ქართველი ერის საკუთრება საფრანგეთში?

– ოჯახების წარმომადგენლებთან შეთანხმებით, პარიტეტული კომისიის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების საფუძველზე, მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომელიც ადგენს თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ქართულ-ფრანგული ისტორიულ-კულტურული ცენტრი და ქართული აკადემია, რომელიც ლევილის მამულში შეიქმნება.
ლევილის მამულისა და ქართულ- ფრანგული ისტორიულ-კულტურული ცენტრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, ცენტრს ეყოლება დირექტორი, რომელიც საქართველოს მთავრობასა (კულტურის სამინისტროსთან) და მმართველ საბჭოსთან შეთანხმებითა და კოორდინაციით შეიმუშავებს ცენტრის კონცეფციას, როგორც ფუნქციონალური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით. ამავე კოორდინაციით განახორციელებს უშუალოდ ლევილის მამულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი და სხვა ისტორიულ თარიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.
ამასთან ერთად, ლევილის ცენტრმა, შესაძლოა, შეითავსოს საქართველოს იმიჯის პოზიტიურად წარმოჩენის, ქართული კულტურის, ეკონომიკური, ტურისტული, ღვინისა და კულინარიული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით აქტივობები, იმუშაოს ფრანგ პარტნიორებთან და უზრუნველყოს საქართველოს მონაწილეობა ქვეყანაში დაგეგმილ ფორუმებსა და ფესტივალებში.
შატოს რეაბილიტაციის ტექნიკურ და ფინანსურ ზედამხედველობას უზრუნველყოფს საფრანგეთში საქართველოს საელჩოს დიპლომატი, რომელიც დიასპორის საკითხებთან ერთად ლევილის შატოს რეაბილიტაციის საკითხებს კურირებს.

– სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოოდ დასრულებამდე ეტაპობრივად განხორციელდება პროექტები, როგორიცაა სამუზეუმო-საგამოფენო სივრცის მოწყობა, ქართველოლოგიური კვლევების კონცეფციაც შემუშავდება და კონკრეტულად, რომელი პროექტებია პირველ რიგში საშური?

– დიახ, სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოოდ დასრულებამდე სამუზეუმო სივრცის მოწყობის პარალელურად წარიმართება კოორდინირებული მუშაობა კულტურის სამინისტროს შესაბამისი სამმართველოსა და სპეციალისტების დახმარებით და ლევილის შატოში არსებული რესურსის გათვალისწინებით განისაზღვრება სამუზეუმო-საგამოფენო ოპტიმალური სტრატეგია.

ამასთან, ისტორიული ემიგრაციის წარმომადგენლებთან, შესაბამის უწყებებთან, ემიგრაციის მუზეუმთან თანამშრომლობით მომზადდება სამუზეუმო სივრცეში პირველი რესპუბლიკის, მისი დამაარსებლების მოღვაწეობისა და ზოგადად საფრანგეთში პოლიტიკური ემიგრაციის ისტორია, ასევე წარმოდგენილი იქნება ყველა იმ ქართველი მამულიშვილის ღვაწლი, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობდა. გვსურს შოთა რუსთაველის ფონდთან, თსუ-თან თანამშრომლობით მომზადდეს შატოსა და ქართულ მამულში ქართველოლოგიური კვლევების ცენტრის კონცეფცია და განისაზღვროს მისი ფუნქცია და სტრატეგია (მომავალში ცენტრი უმასპინძლებს ქართველ და უცხოელ მკვლევარებს).
ასევე ვაპირებთ მომზადდეს თანამშრომლობის საფუძვლები, მემორანდუმები, რათა მამულში მომავალი სტიპენდიანტებისთვის, მუსიკოსების, ხელოვანებისა და მეცნიერებისათვის ცენტრმა (ქართულმა აკადემიამ) უზრუნველყოს საფრანგეთში შესაბამის უწყებებთან, სპეციალისტებთან, აკადემიურ წრეებთან, უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან სამეცნიერო და შემოქმედებითი თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს მათ საერთაშორისო კვლევებში და სხვა მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვას.

მომავალში ლევილის ქართულ მამულში უნდა დაარსდეს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – ქართული ფოლკლორის გარშემო მოვიზიდოთ ფრანგული და სხვა ქვეყნების ტრადიციული ფოლკლორი,

ასევე დაარსდეს ისტორიული დოკუმენტური ფილმების ფესტივალი – საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი კინორეჟისორები ძალიან ძვირფასი რესურსია ამ მიზნის წარმატებით მისაღწევად.
ამთავითვე უნდა მომზადდეს საფუძველი, რომ მომავალში დაარსდეს საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი – წინანდლის მუსიკის ფესტივალის ერთგვარი ანალოგია ლევილში – გამოვიყენოთ საფრანგეთში და ევროპაში მცხოვრები ცნობილი მუსიკოსების რესურსი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდეც კი შესაძლებელია კარგი ამინდის პირობებში ღია ცის ქვეშ, ან ბიბლიოთეკის სივრცეში მოეწყოს მცირე მასშტაბიანი შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები ქართველ მწერლებთან და ცნობილ ადამიანებთან, მოეწყოს წიგნების, ალბომების პრეზენტაცია და საქართველოს პოპულარიზაციისთვის გამიზნული სხვა ღონისძიებები.

– ლევილის მამულში ვაზის გაშენებაც იგეგმება, როგორც ვიცი...

– დიახ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინიტროსთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მამულის სამხრეთ განაპირა ნაწილში შესაძლოა გაშენდეს ქართული ჯიშის ვენახი. შემოდგომაზე კი მოეწყოს ქართული დიასპორის მონაწილეობით სიმბოლური რთველი, იქვე არის მცირე ზომის მარნის მოწყობის საშუალება, ჩაიყაროს ქვევრები და დაყენდეს ლევილის ღვინო „შატო ლევილი“.
ამასთან, არსებობს შესაძლებლობა, აღნიშნული ვენახის მიმდებარედ, 4 მეტრიანი სიმაღლის კედელში არსებულ სამი სამარნე მღვიმე-სივრცეში მოეწყოს მცირე ზომის სადეგუსტაციო დარბაზი. ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის შესაძლებელია ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, კერძო კომპანიებთან ბევრი საინტერესო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.

გარდა ამისა, ლევილის მამულში, ღია ცის ქვეშ, მოეწყოს კულინარული ფესტივალი, გასტრონომიის ქართულ-ფრანგული დღე (შესაძლოა, გავაფართოვოთ სხვა ქვეყნების კულინარიული კულტურით). ქართველი შეფები მოაწყობენ კულინარიის მასტერკლასებს.
ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია.

– ლევილის მამული დიასპორის ცენტრიც იქნება, ბუნებრივია. ვფიქრობ, კომერციულმა პროექტებმა არ უნდა გადაწონოს ლევილის პირვანდელი დანიშნულება. ქართული ენის შესწავლის საკვირაო სკოლის არსებობა კი მნიშვნელოვანი იქნება როგორც საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის, ასევე სხვა ეროვნებებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უძველესი ქართული ანბანის შესწავლით, ასევე ქართული ლიტერატურითა და ისტორიით.

– გეთანხმებით,ლევილის საკვირაო სკოლის დაარსება საშური პროექტია. ამასთან, ლევილის ქართულ მამულში სამომავლოდ უნდა დაიგეგმოს ქართული დიასპორის დღეები, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ქართული დიასპორული ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.

 -ბატონო გოჩა, რაც შეეხება ლევილის სასაფლაოს, როგორი სტატუსით განისაზღვრება მისი არსებობა, სადაც ქართველ ემიგრანტებთან ერთად ფრანგების გარკვეული ნაწილიც განისვენებს?

– მიმდინარეობს შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოსათვის ისტორიული (ჩვენთვის ისტორიულ-კულტურული ) მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებაზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ქართულ მხარეს შეგვიძლია მას ქართველ მამულიშვილთა პანთეონი ვუწოდოთ და საქართველომ შეიძლება მიანიჭოს რაიმე ფორმით უცხოეთში ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სპეციალური სტატუსი…

– როგორც ცნობილია, ლევილის სასაფლაო ვლადიმერ გოგუაძის (1881-1954) მეუღლის- ნამეტია ბერძენიშვილის (1891-1988) ინიციატივით შეგროვებული თანხით შეისყიდეს ემიგრანტებმა და მოეწყო ლევილის ქართული სასაფლაო. ამის გამო ნამეტიას ლევილის დიასახლისი შეარქვეს.

– დიახ, ნამეტია გოგუაძე ლევილის მამულის ლეგენდარული დიასახლისი გახლდათ. ემიგრაციაში მრავალი მოგონებაა მასთან და მის უბადლო იუმორთან დაკავშირებით. სწორედ ის დახვედრია 40-იან წლებში მამულში მოსულ სსრკ-ს საელჩოს დიპლომატს, რომელიც მამულში მოსულა და უთქვამს საქართველოს საკუთრება ახლა სსრკ-ს საკუთრებააო, ნამეტიას კი ცხვირზე აუფარებია ნოტარიული დოკუმენტი და გურული აქცენტით ფრანგულად უთქვამს: „ ნო მუსიე, სე ლა პროპრიეტე პრივე ეტ სორტე დ’ისი-ო“. ეს მამული კერძო საკუთრებაა და ეხლავე დატოვეთ აქაურობაო. ნამეტია ყოფილა მამულისაც და ლევილის ქართული სასაფლაოს მომვლელ-პატრონიც თურმე ვიდრე შეეძლო.

-საფრანგეთის კანონმდებლობა საფლავების მეპატრონეებს გარკვეულ რეგულაციებს უწესებს და დროთა განმავლობაში მათი დაკარგვის საფრთხეც არსებობს. მრავალი ცნობილი ქართველის საფლავი დაიკარგა მეოცე საუკუნეში. ლევილის ქართველთა საფლავებს ხომ არ ემუქრება მსგავსი საფრთხე?

– საფრანგეთის კანონმდებლობით, მუნიციპალურ სასაფლაოზე მხოლოდ მათი დაკრძალვაა ნებადართული, ვინც ადგილობრივი მაცხოვრებელია. შესაბამისად, ქართველებისთვის ეს პრობლემად რომ არ ქცეულიყო, ქართულმა სათვისტომომ ფული შეაგროვა და სასაფლაოს მიმდებარე მიწის ნაკვეთი შეისყიდა და მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა იმ პირობით, რომ ქართველების იმ სასაფლაოზე დაკრძალვის უფლება მიეღოთ. სწორედ ამ დაუწერელმა შეთანხმებამ გახადა შესაძლებელი, რომ ლევილის სასაფლაოზე გადმოასვენეს უამრავი ქართველი, რომლებიც საფრანგეთის და ევროპის სხვადასხვა რეგიონებში იყვნენ დაკრძალულნი. ცოტამ თუ იცის, რომ მწერალი გრიგოლ რობაქიძე და მიხაკო წერეთელიც, რომლებსაც საფრანგეთში საერთოდ არ უცხოვრიათ, ლევილის სასაფლაოზე განისვენებენ.

ეს არის ლევილის მუნიციპალური სასაფლაო, რომლის თითქმის ნახევარიც ქართველ მამულიშვილთა საფლავებს უკავია. ლევილის მუნიციპალიტეტი აფასებს ქართული ემიგრაციის როლსა და მნიშვნელობას და მუდამ კეთილგანწყობით გამოირჩევა, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული ვადებისა, სასაფლაოს ქართული კვადრატის საკითხი ქართული სათვისტომოსთვის აქვს მინდობილი, რომელიც უვლის და პატრონობს სასაფლაოს. ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაო ერთადერთი პანთეონია საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც ამდენი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ხელოვანი განისვენებს.

საქართველოს საკუთრებაში გადაეცა მხოლოდ შატო და 4 ჰექტარის ფართის მამული. სასაფლაო მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და იქ მხოლოდ კეთილი ნებით შეთანხმების საფუძველზე ხდება ქართველთა დაკრძალვა და მათ საფლავების პატრონობა.

– რამდენ წელში დასრულდება ქართველთა ლევილის ისტორიული მამულის მოწყობა, რომელიც ქართველი ხალხის საკუთრებაა და როდიდან შეძლებენ სტუდენტები, მეცნიერები, მკვლევარები ქართულ კულტურულ ცენტრში მუშაობას და მოღვაწეობას?

-ცენტრის სრული რეაბილიტაცია 2026 წლის ბოლომდეა გათვალისწინებული, თუმცა, შესაძლოა, უფრო ადრეც დასრულდეს თუ გარკვეული გარემოებები და პირობები ხელს შეგვიწყობს.

კომენტარები
იტვირთება...