ლევან ვასაძე: ვიღაც ჭინკებმა ფეკალური მასები გადმოგვანთხიეს და ათეული კაცი დაისვარა

“50 წლის კაცისთვის ეს უმძიმესი ფიზიკური დატვირთვა იყო, ერთი ორჯერ კინაღამ ძვალი მოვიტეხე. უმძიმესი სიმძიმე ვიგრძენით ჭყლეტაში და გაწევ-გამოწევაში, მაგრამ ყველაზე მძიმე ჩემთვის იყო ის სულიერი განსაცდელი და შეურაცხყოფა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოგვაყენა”.

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “ვერის ბაღში” შეკრებილ მხარდამჭერების წინაშე გუშინდელი კინოჩვენების ჩაშლის მცდელობისას განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“ვიღაც ჭინკებმა ფეკალური მასები გადმოგვანთხიეს და რამდენიმე ათეული კაცი დაისვარა ფეკალური მასით. იმის მიუხედავად, რომ ჭინკების საქმეა, სახურავზე აძვრეს და თავისი შიგთავსი გადმოგვანთხიოს, მაინც ეს იყო სიმბოლო მათი მსოფლმხედველობისა” -განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისათვის: თბილისში, გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.

ამასთან, კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო, ორი ხელწერილით გათავისუფლდა, ერთს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად