ლევან ვასაძე: ჩვენ ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ

ვერის პარკში ფილმის- “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოჩვენების ჩასაშლელად  განწყობილი ჯგუფები “ვაკის პარკში” უკვე შეიკრიბნენ, რომლებსაც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ  სიტყვით მიმართა.

ლევან ვასაძის განცხადებით, მან და მისმა მხარდამჭერებმა გუშინ მთელს მსოფლიოს აჩვენეს, რომ ამ ფილმის პრემიერის მშვიდად ჩატარება ქართველ ერში შეუძლებელია.

“ჩვენ ძალიან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ იმიტომ, რომ მთელმა საქართველომ და ასევე მთელმა მსოფლიომ დაინახა ამ სამარცხვინო ფილმის, ამ ჩვენი უღრმესი  ტრადიციის შემყრყვნელი და შეურაცხმყოფელი აქტის მშვიდობიანად ჩატარება ქართველ ერში შეუძლებელი არის. მთელი საქართველო უყურებდა, თუ როგორ ერთიანად და მედგრად აპროტესტებდა უამრავი ხალხი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში და წერტილებში იმ უმზგავსობას რასაც ადგილი ჰქონდა,”- განაცხადა ლევან ვასაძემ.

ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, ცოტა ხანში, ვერის პარკიდან თბილისის სხვადასხვა კინოთეატრებისკენ დაიძვრებიან და ფილმის საყურებლად მისულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ მათ პროტესტს ისინიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც”. გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა “ქართული მარშიც”

ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის, არიან პოლიციელებიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად