ლევან თარხნიშვილი: სამწუხაროა, რომ „ევროპულ საქართველოზე“ ორკესტრირებულ შეტევაში თავისი წვლილი შეაქვთ ალეკო ელისაშვილსა და „გირჩს“

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილისა და იაგო ხვიჩიას განცხადებებს, რომლის მიხედვით „ევროპული საქართველო“ შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა.

„ევროპულ საქართველოზე“ ფაქტობრივად ორკესტრირებული შეტევაა და სამწუხაროა, რომ ამ შეტევაში თავის წვლილს იღებენ ყოფილი ოპოზიციონერები, ალეკო ელისაშვილი და „გირჩი“. ამ მოლაპარაკებების ყველა მონაწილე, გარდა ამ ადამიანებისა და „ქართული ოცნებისა“, დამეთანხმება, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო. ყველა რაუნდსა და ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებებში მაქსიმალურად ვცდილობდით, კონსტრუქციულები ვყოფილიყავით და გამოგვეყენებინა იდეები, რომლებიც რაღაცამდე მიგვიყვანდა. რაც შეეხება იაგო ხვიჩიასა და ალეკო ელისაშვილის განცხადებებს, ეს მათ უნდა ვკითხოთ, საიდან მოიტანეს, ეტყობა სხვა მოლაპარაკებებზე დადიოდნენ. რას იზამენ ისინი სამომავლოდ, მე ნაკლებად მაინტერესებს. ის ადამიანი, რომელიც ფეხს შედგამს ერთპარტიულ პარლამენტში, წყვეტს არსებობას როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ფაქტობრივად წევრიანდება „ქართულ ოცნებაში. თუ მათ ამის გაკეთება უნდათ, კი ბატონო“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

თარხნიშვილმა არასერიოზული უწოდა ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, არ არის გამორიცხული, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კომპრომატებით აშანტაჟებდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად