ლევან სამუშია: გახარიას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს გამოძიების ვადის ამოწურვამდე

ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, რაც ჩვენ ვიცოდით, მაგრამ რისი მტკიცებულებებიც არ გვქონდა. დღევანდელ დღემდე საუბარი მიდიოდა, რომ თურმე ბიზნესს ელოლიავებოდნენ, ჩვენ კი ვიძახდით, რომ არეკეტებდნენ. ბიზნესს რომ არეკეტებდნენ, ეს ჩვენ ყველაფერი ვნახეთ. ამის კონკრეტული მტკიცებულებებიც არსებობს. ახლა ვუსმენდი გახარიას. უბრალოდ მიკვირს. “ოცნებისგან” დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ მეგონა ვინმეს ეყოფოდა იმის გონიერება.. დღეს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი არ უნდა იყოს. ის არის შს მინისტრი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი წვდომა და ბერკეტები გამოძიებაზე ზეწოლა მოახდინოს. შს მინისტრს გადადგომა თუ არა უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს გამოძიების ვადის ამოწურვამდე”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

ცნობისთვის, დღეს კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. აქვე ხაზარაძე ამბობს: “გპირდებით, ამას გავასაჯაროვებ, მაგრამ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი და რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება”.  ფაქტს შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად