ლევან კობერიძე: ვაკის მე-11 უბანზე 48 ხმა მქონდა და ცესკომ საიტზე 8 ატვირთა

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ მე-11 უბანზე მას ჰქონდა 48 ხმა და ოქმშიც სწორად იყო ასახული, თუმცა ცესკოს საიტზე 8 ხმად დააფიქსირეს. არგუმენტად კი უთხრეს: “უი, უი, შეგვეშალა”.

ეს განცხადება პოლიტიკოსმა “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. მისივე თქმით, არჩევნების ერთი ნაწილი არჩევნების დღემდე გაყალბდა დაშინებებისა და მოსყიდვების სახით.

“იყო ზეწოლის ფაქტები, როგორც კანდიდატებზე ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე. მათ შორის „ლელოს“ წარმომადგენლებზეც. ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური მობილიზებაც იყო, განსაკუთრებით რეგიონებში. ანუ არჩევნების მნიშვნელოვანი ნაწილი მოსყიდვა-დაშინებებით და ა. შ. ჯერ კიდევ არჩევნების დღემდე გაყალბდა. ასევე ხელთ გვაქვს ოქმები, რომლის ბათილობასაც ვითხოვთ. მე პირადად ვაკის ოლქში 35-მდე საჩივარი მაქვს შეტანილი. ასეა საქართველოს მასშტაბით, როგორც ჩვენი პარტიის მხრიდან ისე სხვა პარტიების მხრიდან.

მესმის, რომ შესაძლოა მოხდეს ადამიანური შეცდომები და ვცდილობ, რომ ის მივიღო არგუმენტად, მაგრამ ის ვერ იქნება მთავარი მიზეზი იმ შედეგების რაც დადგა. მე ვისაუბრებ ვაკის ოლქის მაგალითზე. 104 000-მდე ამომრჩეველია, საიდანაც 60.5% მოვიდა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო. უახლოესი არჩევნები გვაჩვენებს, რომ ეს ხდება ხელისუფლების ცვლილებებისთვის. ასე იყო 2003 წელსაც და 2012 წელსაც, როდესაც იმაზე მეტი ადამიანი მივიდა არჩევნებზე, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. სხვადასხვა ნიშნით არის არჩევნები გაყალბებული. მაგალითად მე-11 უბანზე ეწერა, რომ მაქვს 48 ხმა, ოქმი სწორად იყო შედგენილი, სამაგიეროდ ცესკომ საიტზე ატვირთა არა 48 ხმა, არამედ 8. შეყვანის დროს 40 ხმა დოკუმენტიდან დაკარგა.

_ ამაზე რა არგუმენტი აქვთ?

_ არგუმენტია, რომ უი, უი შეგვეშალა. ბოდიში, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტიდან 72 მილიონი გამოყოფილია ცესკოს დასაფინანსებლად წელს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად