ლევან კობერიძე: პაატა იმნაძე საერთოდ არ უნდა გამოდიოდეს პრესკონფერენციებზე

პარლამენტის წევრი, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ რეალურად კორონავირუსი “ქართულ ოცნებას” მაშველ რგოლად მოევლინა. დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ არის ფაქტობრივად დაკეტილი პარლამენტი, რომელიც მსჯელობის მთავარი ფორმატი უნდა იყოს.

ლევან კობერიძემ აღნიშნული საკითხის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ ჩვენ მოვისმინეთ მკვეთრი განცხადებები, განსაკუთრებით პაატა იმნაძის მხრიდან კეთდება ხოლმე ასეთი მკვეთრი განცხადებები. ეს მთავრობის მხრიდან არის ინსპირირებული?

_ მე ვიტყოდი ასე, რომ პაატა იმნაძე საერთოდ არ უნდა გამოდიოდეს პრესკონფერენციებზე. პაატა იმნაძის საქმე არ არის პრესკონფერენციების კეთება. შევხედოთ, როგორ არის სისტემა აშშ-ში, გამოდიან ტრამპი, ფაუჩი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი და საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას ისინი. აქაც ასე უნდა იყოს, პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ბატონი ამირან გამყრელიძე, რომელიც არის NCDC-ის ხელმძღვანელი. არ არის საჭირო არც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის პრესკონფერენცია და არც ლევან რატიანის. ამას ემატება ჩვენი უცხოელი ექიმების რჩევები და მოსაზრებები. ჩვენ ვიღებთ სურათს, რომ თითქოს ექიმებს შორის დისკუსიას ამოფარებულია ხელისუფლება.

_ ბოლომდე ობიექტურები რომ ვიყოთ, აქვე გკითხავთ, რომ მოგეწონათ ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები? ასეთი შთაბეჭდილება გაჩნდა, თითქოს ექიმებზე მიიტანეს იერიში იგივე სწრაფ ტესტებზე, იგივე სხვა საკითხებზე. რა იყო ამის მიზეზი?

_ კი, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ხომ არ არის ექიმების მიმართ იერიში. ექიმებს ნამდვილად არავინ არ ერჩის. მთელი თემა არის, რომ სად უნდა ხდებოდეს პოლიტიკოსებს შორის დიალოგი. ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ამ საკითხზეც მსჯელობა სადაც უნდა მიმდინარეობდეს ეს არის პარლამენტი. კორონავირუსი მხოლოდ სამედიცინო თემა არ არის, ამას აქვს ეკონომიკური შემადგენელი, ჩვენი მდგომარება, არჩევნები მოდის და რეალობასაც ნუ გავექცევით. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ კორონავირუსი მაშველი რგოლივით მოევლინა. ოპოზიციის მთავარი ველი უნდა იყოს პარლამენტი. ძალიან ცუდია, რომ პარლამენტი დღეს არის ჩაკეტილი. თავისი თავის იზოლირება მოახდინა, მე ამას კორონა არდადაგები დავარქვი.

თქვენ რა კითხვასაც მისვამთ, რაშიც შემიძლია გამოგყვეთ არის ის, რომ ეს ხდება იმიტომ ხდება, რადგან მსჯელობისთვის სხვა ფორმატი არ არსებობს. მსჯელობისთვის, აზრის გამოთქმისთვის, ექსპერტებთან სასაუბროდ და მედიასთან კომუნიკაციის მთავარი საშუალება არის პარლამენტი. აბა იმართებოდეს საკომიტეტო მსჯელობები. გასაგებია, რომ ფიზიკურად ვერ შევიკრიბებით, მაგრამ შეიძლება სხვა ფორმატის მოძებნა. შეიძლება შეკრება დისტანციის დაცვით. შესაძლებელია პარლამენტის პლენარულ დარბაზში მოხდეს არა 150-ვე დეპუტატის შეკრება, არამედ 50-70-ის და დაშორიშორებით დაჯდომა. გაიმართოს მსჯელობა, რასაც საზოგადოებაც თვალ-ყურს მიადევნებს. პოლიტიკოსების მოსაზრებები მათთვის ბუნებრივ ველზე გახდება ცნობილი. აქ უნდა მოხდეს როგორც საპარლამენტო ოპოზიციის ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის შეკრებაც.

მერე ეს ინსინუაციები გამორიცხული იქნებოდა. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლებას არ უნდა შემოვიდეს მსჯელობაში, მაშინ როდესაც ეს მისი ვალდებულებაა. თუ იქ იქნება არაადეკვატური კრიტიკული აზრი, უფრო ადვილად დაინახავს მას საზოგადოება, ვიდრე ტელევიზიებში. თან ვიცით, რომ ტელევიზიების ნაწილი ხელისუფლებისგან კონტროლდება, ნაწილი ოპოზიციისგან, აქ ძნელია რეალობის დანახვა. როგორც ჩანს ხელისუფლებას ეს აწყობს, თორემ რა უშლის ხელს, რომ საპარლამენტო სივრცე იყოს გამოყოფილი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად