ლევან კობერიძე: კოალიციური მთავრობის იდეა ენმ-ის დღის წესრიგი იყო, რაც დამაზიანებელი აღმოჩნდა

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნაზე საუბარი წინასწარ და ტელეეთერებში რაღაც შეთანხმებებზე ხელმოწერა არასწორი იყო და ეს გამოჩნდა. მისი თქმით, ეს იდეა “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგი იყო.

მისი თქმით, ამაზე მსჯელობა პოსტფაქტუმ უნდა ყოფილიყო. პოლიტიკოსის აზრით, გამოჩნდა, რომ ამომრჩეველში ძლიერი და დამოუკიდებელი პარტიის მოთხოვნილებაა.

ლევან კობერიძე “აიპრესთან” ინტერვიუში ოპოზიციის მიერ დაშვებულ შეცომებზეც საუბრობს, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ, იქამდე კი გაეცანით ინტერვიუს ამ ნაწილს:

_ გასაგებია, რომ არჩევნები ვერ ჩატარდა სამართლიანი წესებით და ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციამაც დაუშვით შეცდომები? იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ყველა პარტიის ასოცირება მოხდა რაღაცნაირად „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ესეც ხომ არ იყო მიზეზი?

_ შეგიძლიათ ამოიღოთ ჩემი „ფეისბუქ-პოსტი“ ამასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების მეორე დღესვე დავწერე. სადაც ვამბობდი, რომ მეტი თვითკრიტიკა გვმართებს. გაყალბება ერთი თემაა, მაგრამ ჩვენ შიგნითაც უნდა დავიწყოთ პრობლემების ძიება. პირდაპირ ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ვერ შეძლო შეთავაზება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის იმ ფორმულის შეთავაზება, რაც ჩემი აზრით ყველაზე აქტუალურია. დღეს ყველაზე აქტუალურია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება ან შევიწროება, რათა არ დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

პირდაპირ ვიტყვი, რომ რეალურად კოალიციური მთავრობა იყო „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად დამაზიანებელი აღმოჩნდა და ეს დადასტურდა კიდევაც. კოალიციური მთავრობის დღის წესრიგი ამომრჩევლის თავში არ არის. ეს იყო მედიის და გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაჟღერებული შემოთავაზება. პირველ რიგში კი ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შემოთავაზება. საქართველოს სჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი პარტია, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს.

_ თუმცა, ისტორიამ ხომ აჩვენა, რომ ერთპარტიულმა მმართველობამ არ გაამართლა?

_ რა თქმა უნდა ერთპარტიული მმართველობა არ ამართლებს, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ყველამ უნდა იბრძოლოს, მერე უნდა შევიდეთ პარლამენტში და მერე უნდა ვილაპარაკოთ ამაზე.

_ ანუ წინასწარ ამაზე ლაპარაკი სწორი არ იყო?

_ რა თქმა უნდა. ამან აღქმაში „ნაციონალური მოძრაობის“ ვექტორზე მოახვედრა პარტიების დიდი უმრავლესობა.

_ ანუ, პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს აყვნენ?

_ მე ვიტყოდი ასე, რომ გარკვეული შეცდომა იყო დაშვებული. ჩემი შეფასება ასეთია. მაქვს უფლება, რომ არჩევნების შემდეგ გარკვეული შეფასება გავაკეთო. ერთი ევროპული ქვეყანა მაინც მითხარით, სადაც პარტიები წინასწარ ამბობენ, რომ კოალიციას ამასთან შევკრავ და იმასთან, მერე ტელევიზიებში მიდიან და ხელს აწერენ რაღაცა პირობებზე. ეს არ არის პოლიტიკის ევროპული კულტურა. მაშინ ბლოკი შექმნან. თუ ერთ აზრზეა რამდენიმე პარტია, შექმნან ბლოკი. მით უმეტეს ამ არჩევნებზე ბლოკის შექმნის შესაძლებლობა იყო.

რა თქმა უნდა ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს და ამიტომ ვიბრძოლეთ ყველამ ერთად პროპორციული არჩევნებისთვის, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო იმ რეალობის შემდეგ, რა რეალობასაც პარლამენტში მივიღებდით.

_ ანუ ამ ყველაფერზე მსჯელობა პოსტფაქტუმ უნდა მომხდარიყო და არა წინასწარ.

_ რა თქმა უნდა. ყველამ თავის პროგრამაზე უნდა ილაპარაკოს და რამდენი ამომრჩეველი დაუჭერს მხარს. იქნება „ლელო“ იმარჯვებდა იმდენი პროცენტით, რომ კოალიციის შექმნა დღის წესრიგში არ იყო?

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად