ლევან კობერიძე: ჯანდაცვის მინისტრმა დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში, კითხვა გვაქვს მასთან

“იქნებ, ეკატერინე ტიკარაძემ რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს და ასე გვესაუბროს. სად არის მინისტრი? ივნისის ბოლო კვირას, თავისივე წერილში უკვე მერამდენედ დაადასტურა, რომ მოვიდოდა კომიტეტში, ამის მაგივრად, როგორ ვხედავ, დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში”,

ამის შესახებ  პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელმა დეპუტატების” წვერმა ლევან კობერიძემ ჯანმრთელობის დაცვისა  დარგობრივი ეკონომიკის  კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ გაბუნია მოსმენა მიმდინარეობს.

„ყველაზე მთავარი კითხვა, რაც არის – დარგი საითკენ მიგყავთ? ამაზე ჩვენ კითხვები უკვე ერთი წელია გვაქვს ახალ მინისტრთან, რომელიც, როგორც ვხედავ, რაღაც შიდა ტურისტულ ტურნეში აპირებს წასვლას, რომ მოიაროს მთელი საქართველო. გუშინ განცხადება ვნახე, რომ ხალხს მოუყვეს, როგორ კარგად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო და ალბათ, შიდა ტურიზმის მხარდაჭერის აქცია. აი, აქ ნამდვილად ვინანე, რომ ქუთაისიდან გადმოვიტანეთ პარლამენტი. ყოფილიყო, იქნებ გზად მაინც შემოევლო და მანდ მაინც გვეხილა. ან იქნებ, რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს, რომ გვესაუბროს. სად არის მინისტრი, ივნისის ბოლო კვირას, ეს კითხვა კომიტეტის თავმჯდომარესთანაც მაქვს და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. წერილობით მოიწერა, არასწორად რომ მოიწერა და რომ არღვევს რეგლამენტებს და ვერ ერკვევა, არ ვიცი, ვინ ურჩევს. ეს კიდევ ცალკე თემაა. თავის წერილში მინისტრმა უკვე მერამდენედ დაადასტურა, რომ მოვიდოდა კომიტეტში. ამის მაგივრად, როგორც ვხედავ, დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში. კითხვა გვაქვს მასთან“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ლევან კობერიძის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე არაკომპეტენტურია და ის კომიტეტსაც შეურაცხყოფს.

„მინისტრი იცით რატომ არ მოდის პარლამენტში? გადაეცით თქვენ მას, თუ შეიძლება პირადად, რადგან ის არის არაკომპეტენტური. ის, აი, ასე მოსული ნებისმიერ კითხვას ვერ უპასუხებს. ახლა პირდაპირ ვამბობ ამას. ის არის არაკომპეტენტური. იმიტომაა, ერთი წელი რომ არ მოდის პარლამენტში. სხვათაშორის, კომიტეტის შეურაცხყოფაც არის, ცხრაჯერ ხელი ავწიეთ, თქვენ თვითონაც, წევრებმაც, რომ მოვიდეს და ჩვენთან მოსვლის ნაცვლად, ივნისის ბოლოს წერილობით თქვენ გიპასუხათ, ნუ არასწორად, მაგრამ ხომ გიპასუხათ. თქვენთან მოსვლისა და კომიტეტში მოსვლის მაგივრად, ტურნეში წავიდა საქართველოს გარშემო. ვერ გავიგე ახლა, სად ვართ? რას გინდათ ეს ქვეყანა რომ დაამსგავსოთ ასეთი ქმედებებით?“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად