ლევან კაკავა: მომზადებული ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად მარტივდება საგადასახადო აღრიცხვიანობის ადმინისტრირების პროცესები

,,საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მომზადებული ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად მარტივდება საგადასახადო აღრიცხვიანობის ადმინისტრირების პროცესები, ბიზნესისთვის იზოგება დრო და მცირდება დანახარჯები“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

როგორც მან განმარტა, სრულად უქმდება 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული საქონლის ჩამოწერის საფასური, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად ჩამოწერონ დაზიანებული საქონელი, ხოლო სავაჭრო ობიექტების მიერ სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1 %-ის დანაკარგები აღარ დაიბეგრება გადასახადებით.

„დადგენილი საფასურისგან გათავისუფლდა იმ განცხადებების განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია არაარსებითი ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა. ამასთან, დაზიანებული საქონლის შენახვა დაკავშირებულია გარკვეულ დანახარჯებთან. კერძოდ, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ყოველდღიურად უფიქსირდებათ დაზიანებული საქონელი და ჩამოწერის პროცედურების სირთულის გამო, უწევთ ამ საქონლის რეალიზაციაში ასახვა და შესაბამისად, დაბეგვრა.

მომზადებული ცვლილებების თანახმად, კვების ობიექტებს, რომლებსაც აქვთ მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე, არ არიან დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის და ა.შ. შეეძლებათ გამარტივებულად (თვეში ერთი ანგარიშგებით), საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერების და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ გასული თვის განმავლობაში დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი“, – აღნიშნა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა.

ლევან კაკავამ, მადლობა გადაუხადა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ცვლილებების შექმნაში და აღნიშნა, რომ მათთან კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად