ლევან იზორია: დელტას ხელმძღვანელის გათავისუფლებისას დარღვევებს ჰქონდა ადგილი

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეფასებით, „დელტას“ ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის გათავისუფლება დარღვევებით მოხდა.
 

მისი თქმით, ძოძუაშვილის გათავისუფლება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გარეშე მოხდა, გენინსპექციამ მოკვლევა გათავისუფლების შემდეგ დაიწყო. 

„გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გარეშე მოხდა პირის გათავისუფლება, რაც სამართლებრივად არასწორია. მეტიც, გენინსპექციის მიერ მოკვლევა გათავისუფლების შემდეგ დაიწყო, ამდენად, კითხვები შეიძლება გაჩნდეს, რამდენად ობიექტური იყო ასეთი მოკვლევა. 

სასამართლოს გადაწყვეტილება არის სავალდებულო ჩვენთვის, რომ აღვასრულოთ და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილებით“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ უჩა ძოძუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც თავდაცვის მინისტრის 18.05.2016 წლის #1666 ბრძანების ბათილად ცნობას და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდა.

დელტას ხელმძღვანელი თანამდებობიდან 2016 წლის მაისში გადააყენეს. თანამდებობიდან გადაყენებამდე თავდაცვის სამინისტროს გენინსპექცია კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას სწავლობდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად