ლევან იოსელიანი: ოპოზიციას სრულად რომ მიეღო მონაწილეობა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში, „ოცნებას“ გავურთულებდით საქმეს მათ დანიშვნაში

“რამდენიმე სიტყვა მოსამართლეებზე და არა მარტო…
პარლამენტში ატეხილი მუშტი-კრივის პარალელურად, ერთ-ერთი ოპოზიციური არხი მთელი დღის მანძილზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა თითქოს მე, ალეკომ და გირჩმა კვორუმი შევუვსეთ ქართულ ოცნებას, თორემ ისე მოსამართლეების დანიშვნას ვერ შეძლებდა. სიმართლე კი ის არის , რომ ოცნებას კენჭისყრის დროს 81 დეპუტატი ყავდა დარბაზში, მაშინ როდესაც კვორუმი 76 – ია”, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

“ასევე, ერთ ერთმა მათგანმა ფულზე გაყიდულები გვიწოდა, იმის გამო რაც თვითონ მოიგონა, ოღონდ არ დაინტერესდა, რამდენად იყო მისი ფანტაზია კენჭისყრის ამსახველ დოკუმენტთან თანხვედრაში. დიდი ხანია ასეთი რაღაცები არ მაკვირვებს, მაგრამ დღეს ეს გოგო ამ სისულელეს განსაკუთრებული ტრაგიზმით ავრცელებდა.
ეს იქით იყოს, მოსამართლეების კენჭისყრაზე მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა.
მთელი კვირის მანძილზე, ვიჯექი პარლამენტში და ვუსმენდი უვადოდ დასანიშნ მოსამართლეობის კანდიდატებს. ყველა მათგანს დავუსვი კრიტიკული კითხვები, იმ საკითხების თაობაზე, რაც კი შეიძლებოდა მცოდნოდა და მომეძიებინა ღია წყაროებით მათ შესახებ. დავრწმუნდი, რომ მათი დანიშვნა უბრალოდ არ შეიძლებოდა, რადგან ვერ აკმაყოფილებდნენ მოსამართლეობის 2 მთავარ კრიტერიუმს -კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წარმოდგენილ 9 მოსამართლეში იყო ორი ქალი, მოსამართლე- ქეთი მესხიშვილი და ეკა ზარნაძე, რომლებმაც ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე. საჯაროდ ბევრჯერ განვაცხადე, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ სიტუაციაში (ეს პროცესი რომ არ ყოფილიყი შარლ მიშელის შეთანხმების საწინააღმდეგო), რამდენიმე მათგანს მეც დავუჭერდი მხარს, თუმცა მას შემდეგ რაც იურიდიულმა კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი, ამ ორ ქალ კანდიდატს, მივხვდი რომ სწორედ ეს ორი ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყო განწირული ჩასავარდნად. ამიტომ, სოლიდარობის ნიშნად მეც და ალეკომაც დავუჭირეთ მათ მხარი. გამიხარდა, რომ ქართულ ოცნებაშიც აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომელმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო და ამ ორი მოსამართლის სასარგებლოდ მიაჭირა ღილაკს თითი , ამიტომ კახა კუჭავას, ირაკლი ზარქუას, ნინო წილოსანის და გიორგი კახიანის ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ვაფასებ. თუმცა, ქართულმა ოცნებამ, მაინც თავისი გაიტანა და 9 კანდიდატიდან, 6 მოსამართლე განაწესა უვადოდ უზენაეს სასამართლოში.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ ერთი კანდიდატი, ბატონი გიორგი შავლიაშვილი (რომლმაც 2007 წლის 7 ნოემბერს ყადაღა დაადო დარბეულ იმედს) ასევე, დარჩა მოსამართლის მანტიის გარეშე და მის არ დანიშვნაში ვთვლი რომ დიდი წვლილი მეც მიმიძღვის, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე დანარჩენ 6 კანდიდატთან დაკავშირებით, გარდა იმისა რომ საზოგადოებას კარგად დავანახე ვინ რა კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების მატარებელია. შესაბამისად, პარლამენტში ატეხილი მუშტი- კრივის ფონზე, უპრობლემოდ გაიკვალეს უვადო გზა უზენაეს სასამართლოში .
აქამდეც ვთვლიდი და ახლაც მიმაჩნია, რომ ოპოზიციას სრულად რომ მიეღო მონაწილეობა მათ მოსმენაში კიდევ უფრო გავურთულებდით საქმეს ქართულ ოცნებას დაენიშნა ის ხალხი ვინც დანიშნა და შედეგიც უკეთესი გვექნებოდა, მაგრამ დღემდე ისე ვართ, რომ არც მე მესმის ბევრი რამ მათი და არც ალბათ იმათ ჩემი და ჩემი მეგობრის”, – წერს ლევან იოსელიანი “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე კენჭი უყარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთა მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა გოჩა აბუსერიძის, გიორგი გოგიაშვილის, ლევან თევზაძის, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას და ლაშა ქოჩიაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არჩევას.

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ეკა ზარნაძის, ქეთევან მესხიშვილის და გიორგი შავლიაშვილის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევას.

 

კომენტარები
იტვირთება...