ლევან იოსელიანი: ჰარცელის განცხადება არის გამეორება განცხადებების, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით გაუკეთებიათ, რომ პროცესი არ იმსახურებს სანდოობას

პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატის ლევან იოსელიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ჯიუტად განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტებას, ხოლო კარლ ჰარცელის განცხადება არის გზავნილი, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესი არ იმსახურებს სანდოობას, რადგან პოლიტიკური კონსენსუსი არ არის მიღწეული.

„მე კითხვა მქონდა მოსამართლესთან, რამდენად უწყობდა ხელს ამ პროცესის გაგრძელება სასამართლოსთვის ნდობის აღდგენას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი პარტნიორების მოწოდება არის, პროცესი შეჩერდეს იქამდე, ვიდრე არ მოხდება პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევა. სამწუხაროდ, ამას „ქართული ოცნება“ არ იზიარებს და ჯიუტად აგრძელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტებას.

ბატონი ჰარცელის განცხადება არის გამეორება განცხადებების, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით გაუკეთებიათ, რომ პროცესი არ იმსახურებს სანდოობას, რადგან სასამართლოზე პოლიტიკური კონსენსუსი არ არის მიღწეული. იყო შეთანხმება, რომ ამაზე უნდა დაწყებულიყო მსჯელობა და ვფიქრობ, ამ გზავნილის გაგრძელებაა დღესაც ბატონი ჰარცელის განცხადება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, უარი თქვეს, დაკვირვებოდნენ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებასა და ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის დაწესებულ პირობებს. მისივე თქმით, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად არ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კომენტარები
იტვირთება...