ლევან იოსელიანი: ერთი და იგივე სახეები ხალხს ყელში ამოუვიდა… ჩემი უპირატესობაა, ხალხი არ მომიტყუებია!

მთავარი რაც მთაწმინდელებს აკლიათ ეს არის ხელისუფლების ყურადღება. ჩემი მთავარი მათდამი საუბრის თემა არის ის, რომ მათი პრობლემები უნდა ისმოდეს პარლამენტში, – ამის შესახებ „აიპრესთან“ საუბრისას პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი „სამოქალაქო მოძრაობიდან“ ლევან იოსელიანი აცხადებს, რომელიც მიიჩნევს, რომ ხალხს ერთი და იგივე სახეები ყელში ამოუვიდა.

ალეკო ელისაშვილის მოძრაობის კანდიდატი იმასაც ამბობს, რომ მისი მთავარი კონკურენტი ხალხში არსებული უიმედობაა. იოსელიანი ხალხთან გახსნილობის პირობას დებს და ამბობს, რომ 2020 წელსაც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ამიტომ ხალხთან მისასვლელი პირი უნდა ჰქონდეს.

_ არჩევნები მოახლოვდა. რა არის თქვენი მთავარი დაპირება, რას ჰპირდებით მთაწმინდელ ამომრჩეველს, რას შეცვლით მათ ცხოვრებაში?

_ მთავარი რაც მთაწმინდელებს აკლიათ ეს არის ხელისუფლების ყურადღება. ჩემი მთავარი მათდამი საუბრის თემა არის ის, რომ მათი პრობლემები უნდა ისმოდეს პარლამენტში. ვაპირებ, რომ მათი ყოველდღიური გასაჭირი უნდა მივიტანო იქ, სადაც ამაზე უნდა საუბრობდნენ. ეს არის არა მარტო ჩემი დაპირება, არამედ ამ ხალხის მთავარი ტკივილი. ეს ხალხი თავს მიტოვებულებად გრძნობენ. მე მინდა, რომ ამ გაჭირვებაზე საუბრობდნენ პარლამენტში. არ იყვნენ დაკავებულები ერთმანეთის კინკლაობით. ეს არის მხოლოდ სეირი და ეს არ აუმჯობესებს ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას.

_ შეუძლია ერთ დეპუტატს იმ რეალობის შეცვლა, რაც დღეს გვაქვს?

_ მე ვფიქრობ, რომ შეუძლია. მე მგონია, რომ თანმიმდევრულად ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია. მზად ვარ ვიმუშავო ერთი მხრივ ნებისმიერ ძალასთან, ხოლო მეორე მხრივ ძალიან პრინციპულად მოვითხოვო, რომ სწორედ ამ ადამიანების პრობლემებზე იყოს საუბარი. იმისთვის აქვს დეპუტატს მთაწმინდის რაიონში ბიურო, რომ მოქალაქეები მიიღოს. მოქალაქეებთან უნდა იყოს ყოველდღიური კავშირი. მათი პრობლემებითა და ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა აქვს 200 000 ადამიანს. 200 000 ადამიანი არ მიადგება დეპუტატს საკანონმდებლო ინიციატივით. მიდიან ყოველდღიური პრობლემებით. ამაზე უნდა რეაგირებდეს დეპუტატი. სამწუხაროდ ასეთი პრაქტიკაა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო დაკეტილია, ან იქ არიან მათი თანამშრომლები და დეპუტატთან მისვლა შეუძლებელია. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ თვითონ დეპუტატი უნდა დადიოდეს კარდაკარ. მე ამით ვარ დაკავებული და ამას გავავგრძელებ არჩევნების შემდეგაც.

_ აძლევთ ამ პირობას ამომრჩეველს, რომ ისეთივე გახსნილი იქნებით, როგორც დღეს ხართ?

_ რა თქმა უნდა. 1 წელში ისევ არჩევნებია. მე უნდა მიმესვლებოდეს ამ ადამიანებთან. მე რომ დავიკარგო და ამ ხალხმა თვალით ვერ მნახონ, მერე რა ნამუსით უნდა მივიდე და ვუთხრა, რომ მხარი დამიჭირონ. არ ვაპირებ, გავერიდო პრობლემებს და 2020 წელს არ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. უნდა შეგეძლოს მათთან მისვლა, თვალებში ჩახედვა და იმის თქმა, რომ 1 წლის მანძილზე მე რაც შემეძლო, ეს გავაკეთე. ადამიანები ამას ხედავენ – შენ გულწრფელობასაც, მცდელობასაც, რაც შესაძლოა არ გამოგივიდა, იმასაც რომ მათი გულისთვის დაიხარჯე. მე ამას ვაპირებ.

_ თქვენი შანსებიც შეაფასეთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალური შანსები გაქვთ თუნდაც სახელისუფლებო კანდიდატის, ან საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსის შალვა შავგულიძის წინააღმდეგ?

_ ბევრი მეკითხება ამას, რომ ახალი სახე ხარ და რა შანსები გაქვს. მე საწინააღმდეგო რაღაცას ვხედავ, როცა კარდაკარ დავდივარ. რას ვხედავ იცით? ერთი და იგივე სახეები ხალხს ყელში ამოუვიდა. ჩემი უპირატესობა ესაა, რომ არ ვარ დამძიმებული წარსული პოლიტიკური ტვირთით, არ მყავს ხალხი მოტყუებული და შემიძლია ადამიანებთან გახსნილი ურთიერთობა. აქედან გამომდინარე მე კარგად ვაფასებ ჩემს შანსებს. სოლიდურ წინააღმდეგობას გავუწევ ნებისმიერ მათგანს.

_ მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ?

_ ამაზე არ ვფიქრობ. მე ვფიქრობ ჩემს საარჩევნო კამპანიაზე. ზოგადად გეტყვით, რომ ყველა ვინც მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში ვმონაწილეობთ, არის უიმედობა. ის, რომ ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლის სურვილი აღარ აქვთ და აღარ სჯერათ კანდიდატების. ეს არის ჩემი კონკურენტიც და მათიც, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობს.

_ ამ დამოკიდებულებას როგორც შეცვლით?

_ ეს ერთ მშვენიერ დღეს არ იცვლება. ეს გამოიწვია განვლილმა წლებმა. როდესაც წლიდან წლამდე პოლიტიკოსები ატყუებდნენ მათ. დღეს არიან მდგომარეობაში, როცა არავისი არ სჯერა. პოლიტიკოსების დაპირების არ სჯერა, რაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ბრალია. რომლებიც გასცემენ დაპირებებს და შემდეგ ივიწყებენ ამას. ასე ხდება სამწუხაროდ, გასცემენ დაპირებებს და მერე ამას ივიწყებენ. შემდეგ კი ჰყოფნით თავხედობა, რომ კიდევ მივიდნენ და მხარდაჭერა სთხოვონ. მე მინდა, რომ ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკა შეიცვალოს საქართველოში.

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ბრალია, რომ ხალხს გული აქვთ გატეხილი პოლიტიკოსების მიმართ. არადა ყველაზე საპატიო საქმედ მიმაჩნია პოლიტიკის კეთება. იმიტომ, რომ კარგად გაკეთებულ პოლიტიკას ქვეყანა ან წინ მიჰყავს, ან უბრალოდ უკან სწევს. ახალი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსებია საჭირო, რომ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიდეს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...