ლევან იოსელიანი დეპუტატებს: გირაოს არგადახდა არ არის დანაშაული, ეს ნიკა მელიას პოლიტიკური პროტესტის ფორმაა

„ძალიან მნიშვნელოვანია სწორი წარმოდგენა გვქონდეს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა ნიკა მელიას მიმართ, ვაძლევთ თანხმობას, რომ მას მოვუხსნათ იმუნიტეტი. ამ საკითხს აქვს ჩემი აზრით ორი ასპექტი -სამართლებრივი და პოლიტიკური. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, მე დღეს დავუსვი პროკურატურის წარმომადგენელს კითხვა – გირაოს არგადახდა არის თუ არა დანაშაული და მითხრეს, რომ როგორც იურისტს, უნდა ვიცოდე, რომ ეს არ არის ცალკე აღებული დანაშაული, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“კი, გირაოს არგადახდა არ არის დანაშაული და გირაოს არგადახდის გამო, პარლამენტმა არ უნდა გასცეს თანხმობა იმაზე, რომ ადამიანი მოხვდეს საპატიმროში. იმუნიტეტის არსი არის ის, რომ დაცული იყოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლება და ის პოლიტიკური რისკი, რასაც ჩვენ, პოლიტიკოსები ავიღებთ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩათვალეთ, რომ ეს გირაოს არგადახდა არის ამ შემთხვევაში ნიკა მელიას პოლიტიკური პროტესტის ფორმა და თუ პოლიტიკური პროტესტის ფორმა არის დაცული იმუნიტეტით, მაშინ რატომ უხსნით ამ იმუნიტეტს?

იმ პირობებში, როდესაც ორი წლის მანძილზე არ გვქონია შემთხვევა, რომ ამ ადამიანს მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინა, ან მტკიცებულებების განადგურებას ეცადა, ან შეეცადა მიმალვას. ანუ წინაპირობა არ არსებობს იმის, რომ სასამართლოს პატიმრობა გამოეყენებინა, სასამართლომ ამაზე თავის დროზე უარი თქვა. ჩვენ რატომ ვქმნით ამ წინაპირობას და რატომ ვაძლევთ მწვანე შუქს იმას, რომ ეს ადამიანი მოხვდეს საპატიმროში? პარლამენტი ხომ არ შეიძლება იყოს პროკურატურის გაგრძელება. პარლამენტს ინსტიტუციურად ხომ შეუძლია ამ ყველაფერზე თქვას არა და დაელოდოს არსებითად იმ საქმის განხილვას, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს. ეს ადამიანი (ნიკა მელია) დილიდან გამოდის და მე და ალეკოს გვაკრიტიკებს. მაგრამ ზუსტად იმავეს ვიტყოდით ნებისმიერ თქვენგანს რომ ეხებოდეს ეს საკითხი. მგონია, რომ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, დაიცვას თავისი კოლეგა საპატიმროში მოხვედრისგან.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ერთი კვირის წინ ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ზოგადად ოპოზიციონერი კოლეგებისთვის იმუნიტეტის შეჩერებას და ავხსენით იმით, რომ ეს არის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების სივრცე. ეს იყო სწორი. დღეს რა შეიცვალა ამის შემდეგ? აღარ ვაპირებთ ამ დიალოგის გაგრძელებას? აღარ გინდათ, რომ ეს ადამიანები შემოვიდნენ პარლამენტში? ამით ხომ თქვენ თვითონ ახდენთ პროცესის იმდაგვარად რადიკალიზაციას, რომ ჩიხში შეგყავთ მთლიანად ეს პოლიტიკური პროცესი. მე მინდა, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ამ საკითხს და გავიაზროთ, რა არის ამ ყველაფერში პარლამენტის როლი. შეგიძლიათ მოქალაქეებს დაუმტკიცოთ, რომ პარლამენტს, რომელსაც რეპუტაციულად არ აქვს კარგი მდგომარეობა, შეუძლია იყოს დამოუკიდებელი და შეუძლია იყოს ინსტიტუცია, რომელიც არ არის პროკურატურის გაგრძელება”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას.

ცნობისთვის,  პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.
სასამართლომ 40 000 ლარის გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

2021 წლის 12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგმლობით პარლამენტს მიმართა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...