ლევან იოსელიანი: დანიელსონი კარგად გაერკვა ქართველების ჯიუტ ხასიათში და ამჯერად ის სხვა ტაქტიკას აირჩევს

პარლამენტის ვიცე სპიკერი, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი კრისტიან დანიელსონის საქართველოში ხელახალ ვიზიტს ეხმაურება და ფიქრობს, რომ შვედი დიპლომატი ამჯერად განსხვავებულ ტაქტიკას აირჩევს.

მისი თქმით, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის მედიატორობა პროცესში იქნება ბევრად უფრო მომთხოვნი.

“ბატონი დანიელსონი კარგად გაერკვა ქართველების ჯიუტ ხასიათში და ამჯერად ის სხვა ტაქტიკას აირჩევს და მისი მედიატორობა ამ პროცესში იქნება ბევრად უფრო მომთხოვნი და ბევრად უფრო მხარეების პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული. მას დარწმუნებული ვარ, ექნება თავისი დღის წესრიგიც და მაგიდის არც ერთ მხარეს არ ექნება იმის ფუფუნება, რომ ასე მარტივად ააყირაოს მაგიდა, იმიტომ რომ მერე გამოდის ამას და ორივე ერთმანეთს აბრალებს ხოლმე და სინამდვილეში ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები.

ორი თვეა პარლამენტში ვარ და ჯერჯერობით, ვერც ერთ კანონპროექტზე ვერ მოხდა კონცენტრირება, განხილვა, ინიცირება, რომელიც კონკრეტული ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას გააუმჯობესებდა.“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა “დღის კურიერში” ჩართვისას.

მისივე თქმით, მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა ქვეყნის ინტერესში შედის.

“მე მგონი ეს უკვე ევროკავშირისთვის გახდა პრესტიჟის საკითხი, რომ ეს საკითხი მოაგვაროს. მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, სხვა შემთხვევაში ბატონი დანიელსონი ასე მოკლე ვადაში არ დაბრუნდებოდა და მგონია, რომ მხარეებს მოუწევთ ამ წითელი ხაზების გადახედვა. პირველ რიგში, “ქართულ ოცნებას”, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს პროცესის მიმართ და თავის მხრივ ოპოზიციასაც, რომელსაც პასუხისმგებლობა ასევე აქვს, რომ ეს წითელი ხაზები რაღაცნაირად ჯერ გაყვითლდეს, მერე საერთოდ მოიხსნას,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...