ლევან იოსელიანი: ბოკერია და მისი პარტია იმყოფება ყველაზე დიდ კრიზისში – საერთოდ, ვის რას მოუწოდებს?

ჩემი აზრით, თვითონ ბოკერია და მისი პარტია იმყოფება ყველაზე დიდ კრიზისში. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა მისი გეგმები, პუნქტები და საერთოდ, ვის რას მოუწოდებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „ევროპული საქართველოს“ კრიზისიდან გამოსვლის ათპუნქტიან გეგმაზე საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ მას აინტერესებს, როდის დაიწყება პარლამენტში მუშაობა რეალურ პრობლემებზე.

„მე მაინტერესებს პარლამენტში როდის დავიწყებთ ხალხის პრობლემებზე და რეალურ პრობლემებზე საუბარს. იმაზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, იმაზე, რისთვისაც ჩვენ ვართ პარლამენტში. მარტო პოლიტიკური თემები, მარტო ერთი პარტიის დამოკიდებულება მეორესთან და შემდეგ ეს გადაძახილ-გადმოძახილები ამ ხალხს კიდევ უფრო მიაქანებს სიღარიბისკენ, უპერპექტივობისკენ, ეს არის რაშიც ვცხოვრობთ. მე ეს მადარდებს, მაწუხებს და შესაბამისად, სხვა რაღაცები არ მაინტერესებს.

ზოგადად, ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს ბოიკოტისტების და ბოიკოტის მიმართ, რადგან მიმაჩნია, რომ ვინც ბოიკოტშია, იმან უარი უნდა თქვას იმ პრივილეგიებზე, რითაც სარგებლობენ პარლამენტში. კეთილი ინებონ და გადმოსხდნენ მანქანებიდან, ნუ აიღებენ ხელფასებს და შემდეგ წავიდნენ ბოიკოტში, ეგ იქნება სწორი. ხალხის ფულს ნუ დახარჯავენ საკუთარი ბოიკოტის გასამყარებლად“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საკითხს, იოსელიანი ამბობს, რომ ამ მოთხოვნამ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თავისი მნიშვნელობა დაკარგა.

„ჩემი აზრით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირდა ის, ციფრი რაც დაფიქსირდა, რომელიც ვერ გადალახა ოპოზიციამ. არ მიმაჩნდა სწორი ამ საკითხის დაყენება რეფერენდუმის სახით. მეორე წრეზე თუ აპირებენ წასვლას, მათი საქმეა, მე არც მაშინ ვუჭერდი მხარს და არც ახლა ვუჭერ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები
იტვირთება...