ლევან გორგაძემ ჰარუ ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

ოსაკაში, ჰარუ ბაშოზე, დღეს მეთერთმეტე დღის შეხვედრები გაიმართა

ტოჩინოშინის მეტოქე ჰარუ ბაშოს დასკვნითი მესამედის პირველ დღეს მე-6 მაეგაშირა კაგაიაკი იყო. ღღევანდელ დღემდე ტოჩინოშინს 4 მოგება ჰქონდა 6 წაგების წილ, ხოლო კაგაიაკის – პირიქით. ტოჩინოშინი მორიგი წაგების შემთხვევაში მაკე კოშის ანუ უარყოფითი ბალანსის გაფორმებიდან ერთ ნაბიჯში აღმოჩნდებოდა, ხოლო მოგების შემთხვევაში კი,  კაგაიაკი აღმოჩნდებოდა კოჩი კოშის ანუ დადებითი ბალანსის გაფორმებიდან ერთ ნაბიჯში.

უაღრესად დაძაბული ბრძოლის მოლოდინში მყოფი კაგაიაკი შეხვედრის დაწყებიდან ორ წამში მოვიდა გონს, იმ დროს, როცა გიოჯის მიერ შეხვედრის დაწყების ნიშნის მიცემისთანავე, ლევანთან დასაძგერებლად ელვისუსწრაფესად დაძრული, საკუთარი ინერციის ძალით, უკვე  დოჰიოს მიღმა იყო  გავარდნილი და ძირს განთხმული. ლევანი მას კიდევ უფრო სწრაფად გაუხტა გვერდზე და ამგვარად შეჯახება აირიდა.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მე-15 მაეგაშირა, იაპონელი ჩიომარუ იქნება. ამ უკანასკნელს 7 დღის შემდეგ 5:2 ჰქონდა ბალანსი, მაგრამ მე-8 დღეს ტრავმის გამო არ გავიდა დოჰიოზე და წაგება ჩაეთვალა, შემდეგ კი ზედიზედა სამი შეხვედრა წააგო, მათ შორის დღეს, საკმაოდ სწრაფად და უშანსოდ,  კოტოშოგიკუსთან და უარყოფით ბალანსზე გავიდა – 5:6. ბოლოს ტოჩინოშინი და ჩიომარუ ერთმანეთს 2018 წლის მაისში შეხვდნენ და მაშინ ლევანმა საკმაოდ იოლად გაიმარჯვა იორიკირით. სულ სამი შეხვედრიდან სამივე ლევანის გამარჯვებითაა დასრულებული.

ბაშოზე 11 დღის შემდეგ 10-10 გამარჯვებით ჰაკუჰო და აოიამა ლიდერობენ, 9-9 გამარჯვება აქვთ კაკურიუს, ასანოიამას, მიტაკეუმს და ტაკანაშოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად