ლევან გორგაძემ დადებითი ბალანსი გაინაღდა (ვიდეო)

დღეს კიუშო ბაშოს ბოლოსწინა, მე -14 დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის სეკივაკე, იაპონელი მიტაკეუმი (180 სმ, 170 კგ) იყო. მათ შორის ურთიერთშეხვედრები დღემდე ხუთჯერ ლევანის, სამჯერ კი მიტაკეუმის სასარგებლოდ დასრულდა. წლევანდელი ოთხი შეხვედრიდან ლევანს სამი შეხვედრა, მიტაკეუმს კი მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული. ამ ბაშოს დადებითი ბალანსით დასასრულებლად მიტაკეუმს ორივე დარჩენილი შეხვედრის მოგება ესაჭიროებოდა.

დღევანდელ შეხვედრაში ლევანმა ჩვეულ სტილში გაიმარჯვა, მავაშიში ძლიერი მარცხენა ჩავლებით და იორიკირით მეტოქის დოჰიოდან გაყვანით, თანაც სწრაფად და უპრობლემოდ.

ამრიგად, ბაშოს ბოლო დღის წინ ლევანს 8 გამარჯვება დაუგროვდა და მან დადებითი ბალანსი გაინაღდა.

დღეს დასავლეთის ოძეკმა ტაკაიასუმ ბაშოზე დღემდე ერთპიროვნულად დაწინაურებული კომოსუბი ტაკაკეიშო დაამარცხა და ბოლო დღის წინ ბაშოზე ორხელუფლებიანობა დამყარდა. ორივე რიკიშს 14-დან 12 გამარჯვება დაუგროვდა და იმპერატორის თასის მფლობელის ვინაობის გასარკვევად, შესაძლოა, ხვალ მათ შორის დამატებითი შეხვედრა გაიმართოს. ამისთვის კი საჭიროა, რომ ორივე მათგანმა გაიმარჯვოს ან დამარცხდეს. ტაკაიასუ ხვალ სეკივაკე მიტაკეუმს ხვდება, ტაკაკეიშო კი – აღმოსავლეთის მე -3 მაეგაშირა ნიშიკიგის.

ხვალ ლევანი დასავლეთის მე -7 მაეგაშირას, იაპონელ შოჰოზანს (177 სმ, 139 კგ) ხვდება. ურთიერთშეხვედრებში ლევანს 14 გამარჯვება, მათ შორის, ოთხი წლევანდელ ოთხ შეხვედრაში, აქვს 5 მარცხის წილ. დღეს შოჰოზანმა ლევანის თანაკლუბელი, ტოჩიოზანი დაამარცხა და ბაშოზე მე -9 გამარჯვება მიითვალა.

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად