ლევან გოგიჩაიშვილი: ვერ შევეგუებით ადეიშვილი-სააკაშვილის მემკვიდრეობის მიღებას​

​​უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, ნუ გააკეთებს იმას, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო 3 დღის განმავლობაში, როდესაც მთავრობის დამტკიცება მიმდინარეობდა.

“პოლიციურ რეჟიმს ნუ მოგვახვევთ თავს. ნებისმიერ ადამიანს, ვინც არის დაინტერესებული შეუძლია შემოვიდეს კომიტეტზე და მიიღოს მონაწილეობა, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, წინასწარ იბრძოლონ საკუთარი უფლებისთვის, დაესწრონ კომიტეტის განხილვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება პოლიციური რეჟიმი”-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმის დროს, 200 ათასი ადამიანი მოხვდა რეპრესიული მანქანის ქვეშ, ყველა ადამიანს ჰქონდა ამ მოსამართლეებთან შეხვედრა, მინიმუმ 500-ზე მეტი საქმე აქვს განხილული თითოეულ ამ მოსამართლეს. მაგალითად ალანიას, გაბინაშვილს და ა.შ.

“ეს სულ ჩინჩალაძის ხალხია, თან ეს ადამიანები თავიდან იყვნენ პროკურორები, მაგალითად ალანია, ჩინჩალაძე, იყვნენ პროკურორები, როცა თავი გამოიჩინეს ნაძირლობაში, შემდგომ დაწინაურდნენ უკვე მოსამართლეებად, ანუ, აბსოლუტურად სტერილური ხალხია, ყველანაირი ფასეულობებისგან დაცლილი. რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ. არანაირი ადამიანური ნიშანწყალი მათ არ გააჩნიათ. არ გამოვრიცხავ, ამ საკითხმა გამოიწვიოს სერიოზული ამბები, იგივე ქუჩის აქციები იქნება თუ სხვა, ვერ შევეგუებით ჩვენ ადეიშვილი-სააკაშვილის მემკვიდრეობის მიღებას” -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი უნდა დაამტკიცოს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა. კანდიდატები არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად