ლევან გოგიჩაიშვილი: “ნაცმოძრაობა” გაათავხედა “ოცნებამ” და თვითონ იქცა დემორალიზებულ პარტიად (ინტერვიუ)

პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” განმეორებითი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, იმ ოპოზიციური პარტიების მსგავსად, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტის შესვლაზე უარს ამბობს.

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა” საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და არც ხელი მოაწერა ოპოზიციის შეთანხმებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დდადასტურეს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. “აიპრესი” პარტიის ერთერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს ესაუბრა:

– თქვენ გაემიჯნეთ ოპოზიციის ქუჩის აქციებს, თუმცა, ანალოგიური მოთხოვნებით აპროტესტებთ საპარამენტო არჩევნების შედეგებს. თქვენმა პარტიამ რა კონკრეტული ზიანი მიიღო არჩევნებში?

– პირდაპირ გეტყვი, მე მაქვს განცდა, რომ გამძარცვეს, მინდა პოლიციაში მისვლა და ეს პოლიცია არ არსებობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ და ამის ბევრი მოცემულობა არსებობს, რომ ჩვენ გადავლახეთ 1%-იანი ზღვარი, მივიღეთ მანდატები, უბრალოდ, ეს მანდატები ჯიბიდან ამოგვაცალეს პირდაპირი მნიშვნელობით. ამის ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს.

– ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ხმების მოპარვაზე, ან გაყალბებაზე საუბრობთ ყველა პარტია, ვინც მონაწილეობდით არჩევნებში და ვერ მოაგროვეთ 1%. თქვენი აზრით, ვინ მოიპარა, ან სად წაიღო ამ პარტიების ხმები?

-როგორ გგონიათ ახლა, ჯაბა ჯიშკარიანის მშობლებმა ჩვენს პარტიას მხარი არ დაუჭირეს? ხმები მოპარულია, ოქმებშია პრობლემები. ეს არ იყო არჩევნების დარღვევების ჩატარება, ასეთი არჩევნები არ ყოფილა ძალიან დიდი ხანია. თბილისი გააყალბეს, იცით, რას ნიშნავს თბილისის გაყალბება? ათწლულებია თბილისში პრობლემები არ ყოფილა.

– შეუძლებელია,”ქართული ოცნების” ლიდერშიფს არ ცოდნოდა, რომ არჩევნების მიზანმიმართული გაყალბება ხმაურის გარეშე არ ჩაივლიდა. თქვენი აზრით, ამ ყველაფრის მიზანი რა იყო?

-მიზანი იყო ხელისუფლების მიტაცება, ანუ ის შედეგი, რაც დადგა. ამ სიხარბის საფასურს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გადაიხდის, ძალიან ცუდად გადაიხდის და სამწუხაროდ, საფასურს ქვეყანაც გადაიხდის. რა თქმა, როცა ადამიანები ამას საუბრობენ, მოტივაცია არსებობს ამ საუბრის. დიახ, კომისიებში მოხდა შედეგების ფალსიფიცირება, კომისიებში მოხდა არჩევნების გაყალბება და კომისიებმა უნდა აგონ პასუხი, ამის ფაქტები, მტკიცებულებები, აღქმები არსებობს. თუ უნდათ, რომ სხვაგვარად დავიჯეროთ, მაშინ გადათვალონ ოქმები.

– ოქმების გადათვლა მიმდინარეობს და არც თავად „ ქართული ოცნება“ უარყოფს, რომ ადგილებზე ხმების დათვლის პრობლემა რეალურად ჩანს და თავად მმართველი პარტიას შეეხო. მაგალითად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს რამდენიმე ათასი ხმა მოემატა ხელახალი გადათვლის შედეგად…

-ყველამ აღმოაჩინა დაკარგული ხმები, მაგრამ რაც ახლა მიმდინარეობს, ეს ზღვაში წვეთია. უნდა მოხდეს თავიდან ბოლომდე გადათვლა და თუ ეს არ მოხდება, მაშინ განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან ამ არჩევნებს არავინ შეეგუება. ის, რაც მოხდა და გაკეთდა, არის წარმოუდგენლად დიდი სიბინძურე. ეს არის „ქართული ოცნების“ დეგრადირება. ჩემთვის, „ქართული ოცნება“ არაფრით აღარ განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“, ეს არის ჩვეულებრივი მტაცებელი ორგანიზმი, რომელიც აპირებს სხვის ხარჯზე ცხოვრებას. თუ ასე  უნდა მართონ ქვეყანა, ამას არავინ შეეგუება, გადაგვჩეხავენ. მარტო დარჩნენ და არავინ არა ჰყავთ.

– ოპოზიციის ქმედებებში, რომელსაც ვადევნებთ თვალს, ფიქრობთ, რომ ობიექტური შედეგებისთვის ბრძოლით არის მოტოვირებული და იმ შემთხვევეაში, თუ არჩევნების შედეგები ხელახალა გადაითვლება, პოლიტიკური პროცესი ჯანსაღი მიმართულებით წავა?

-ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა და „ქართულმა ოცნებამ“. ყველაფერი, რაც მოხდება ხვალ, პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს, რადგან მან დააყენა ეს რეალობა. ადამიანებს რომ ჰქონოდათ განცდა, რომ საარჩევნო პროცესმა სამართლიანად ჩაიარა, ეს ხალხი იქნებოდა საქართველოს პარლამენტში. როგორც ჩანს, ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. „ნაციონალური მოძრაობა“ გაათავხედა „ქართულმა ოცნებამ“ და თვითონ იქცა ძალიან არასწორ პოლიტიკურ ორგანიზაციად, დემორალიზებულ პარტიად. მურუსიძის პარტიამ ქვეყანაში რა უნდა გააკეთოს, გეკითხებით. ადრე, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ლევან მურუსიძის პარტია, ახლა არის „ქართული ოცნება“. უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ადამიანები, ანერვიულებს ყველას, ხვალ რა იქნება, არავინ არ ვიცით და რაც მოხდება ხვალ, პასუხისმგებელი იქნება „ქართული ოცნება“. რაც დათესეს, იმას მოიმკიან, მაგრამ ეს შეიძლება ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი აღმოჩნდეს, მაგრამ ის, რომ ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ და არაფერზე არ ვისაუბროთ, ესეც იქნება დანაშაული. ამიტომ უნდა ვთქვათ ის, რაც არის სიმართლე: არჩევნები გაყალბდა, ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. უნდა დაისაჯოს საარჩევნო კომისიის თამჯდომარე, კომისიის წევრები. ადგილებზე უნდა მოხდეს იმ ადამიანების დასჯა, ვინც ყველა ფაბრიკაციასა და ფალსიფიკაციაში მიიღო მონაწილეობა. თუ გვინდა, რომ ქვეყანა დამშვიდდეს, უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ეს პარლამენტი არ უნდა შედგეს. უნდა გამოაცხადონ ახალი არჩევნების თარიღი და შესაბამისად მოხდეს მისი ხელახალი ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერი ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს.

-თქვენი მოთხოვნები სრულ თანხვედრაშია იმ ოპოზიციციური პარტიების მოთხოვნებთან, ვინც გადალახა ბარიერი და მიიღო მანდატები. მაშინ, რატომ არ მონაწილეობთ საპროტესტო გამოსვლებში?

-მე თავიდანვე განვაცხადე რომ არ მივიღებდი მონაწილეობას ამ გამოსვლაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შევარჩინო გაყალბებული არჩევნები „ქართულ ოცნებას“. მე ვერასდროს ვერ დავდგები იმ მოცემულობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კობახიძეს, ან ივანიშვილს მოპარულ მანდატებს შევარჩენ. მათ ცხვირი უნდა წაიტეხონ იმაზე, რაც გააკეთეს.

-თქვენ კარგად იცნობთ კონსტიტუციას და საარჩევნო კანონმდებლობას. ამის გათვალისწინებით, ფიქრობთ თქვენი მოთხოვნა რეალიზებადია ახლო მომავალში, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო არჩევნები თვის ბოლოს სრულდება და ცესკოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, თუნდაც ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები, სამართლებრივ შედეგს ვერ დააყენებს?

-ეს პროცესი თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ხელშია. ამის ბევრი სამართლებრივი გზა არსებობს. არჩევნები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მერე მოხდეს მისი განმეორებით ჩატარება. მე გეუბნებით, რომ ამ ქურდობის აქტს არავინ არ შეეგუება. როდის დამტავრდება და ვინ როდის აგებს ამაზე პასუხს, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ ის, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე ლეიტმოტივი ჩვენი პოლიტიკური, სოციალური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების, ეს არის ფაქტი. არჩევნები ყალბდებოდა ყველგან, თბილისი იყო ხელშეუხებელი. ამათმა ესეც კი დაარღვიეს. საბურთალოზე, მთაწმინდაზე, ვაკეში, ისანში, ვარკეთილში, გლდანსა და ნაძალადევში მოახდინეს ხმებით მანიპულირება. ეს არის ყველაზე ცუდი და ეს მოხდა როგორც მაჟორიტარებთან მიმართებაში, ასევე პარტიულ ხმებთან მიმართებაში. ეს ვერავის ვერ შერჩება და არც არავინ შეარჩენს.  დროსა და სივრცეში როდის და როგორ განხორციელდება, ამდენი მე არ ვიცი. იმისთვის, რომ რამე ცუდი არ მიხდეს, ამიტომ საჭიროა, არჩევნების შედეგები ბათილად იქნას ცნობილი და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს დააბრუნებს „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ რეალობაში, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ძალიან მძიმედ დაამთავრებენ და მათი მძიმედ დამთავრება ქვეყანაზე კარგად არ აისახება. მე არ მინდა, ასე მოხდეს, მაგრამ  გარდაუვალია, თუკი ისინი შეჯდებიან ვირზე და გააგრძელებენ ასეთ საქმიანობას…

-რა საქმიანობას?

-თუ გაგრძელებს ირაკლი კობახიძე საუბარს, რომ გედი ფოფხაძემ, ან ალეკო ელისაშვილმა გაუყალბა არჩევნები, ეს  უბრალოდ სიგიჟეა.

სტატიის ავტორი ხათუნა ხატიაშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად