ლევან გოგიჩაიშვილი “ოცნებას”: არ გაინტერესებთ, რა ხდება ბათუმში?! 5 ათასი ტურისტის გამო ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია

“ტაშფანდური არ უნდა მოგეწყოთ და არ უნდა განგეცხადებინათ, ყველაფერს მაგრად ვმართავო . ისე დაგემართათ, ფეხბურთში გამარჯვებას ნაადრევად რომ ზეიმობენ და მერე მოწინააღმდეგე გუნდს გოლი გააქვს. აღიარეთ ეს და უცხოპლანეტელებს ნურაფერს აბრალებთ!”

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრების მისამართით განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვლის განმარტებით, ეპიდემიის გამო ათეულობით ათასი ადამიანი საარჩევნო ხმის უფლების გარეშე რჩება, ამ პირობებში ხმების გაყალბების საფრთხე დიდია და შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს.

„კოჯორში პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადეთ, რომ კოვიდი დაამარცხეთ. ეს პარტიის თავმჯდომარისგან ძალიან სამარცხვინო განცხადება იყო. მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები მოადუნეთ და დღეს მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – გადატვირთულობა, ყველა მიმართულებით დეფიციტი და ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა. ერთად წავიდეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თუ რა პირობებია იქ. არ გაინტერესებთ, რა ხდება ბათუში?! რატომ არ სვამთ ამ კითხვებს?! – თქვენ მთელი ეს პროცესი არჩევნებს გადააყოლეთ, როცა ზაფხულში განგვიცხადეთ, რომ კოვიდი დაამარცხეთ და სიტუაცია აქამდე მოიტანეთ. 5 ათასი ტურისტის გამო ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ეს პროცესი საერთოდ გასულია… თუ თქვენ იმ გზით წახვედით, რომ უფრო მნიშვნელოვანი არჩევნები, ვიდრე ეპიდემიასთან ბრძოლა, მაშინ კეთილი ინებეთ და იზოლაციაში მყოფი ადამიანების საარჩევნო პროცესში მონაწილეობა უზრუნველყავით“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად