ლევან გოგიჩაიშვილი ონლაინ კაზინოებზე: 2019 წელს კანონპროექტის ჩაგდებისკენ კობახიძემ მოუწოდა უმრავლესობას

2019 წელს კანონპროექტის ჩაგდებისკენ კობახიძემ მოუწოდა უმრავლესობას, თუ კანონპროექტი გავა, გამიხარდება და ერთ საინტერესო SMS-ს გავუგზავნი კობახიძეს, – ამის შესახებ წინა მოწვევის პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის გამოეხმაურა ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას.

“2019 წელს ოცნებამ ჩააგდო ეს კანონპროექტი(ონლაინ კაზინოებზე). ზუსტად ასეთივე შინაარსის, რომლის შესახებაც ახლა ღარიბაშვილი საუბრობს.

არადა რამდენი დრო დაიკარგა. მახსოვს კენჭისყრის წინ კობახიძემ სიტყვა მოითხოვა და უმრავლესობას მოუწოდა კანონპროექტი ჩაეგდოთ. ძალიან მონდომებული იყო ეს კანონპროექტი არ გასულიყო. რა ტყუილად დაიკარგა ეს დრო.

რამდენი ადამიანი გაუბედურდა ამ პერიოდის განმავლობაში. არასდროს მავიწყდება “პირველი არხის” ოპერატორი სანდრო, რომელიც ცხვარიჭამიაში გარდაცვლილი იპოვეს. ვინ იცის ახლა ცოცხალი იქნებოდა. დემაგოგია არაა ეს. ფაქტია.

ცხადია, ძალიან გამიხარდება თუ ჰაერში არ დარჩება ეს საკითხი და კანონად იქცევა. თუ დაჩქარებული წესით მიიღებენ მხოლოდ 2 დღე დასჭირდება ამ კანონპროექტის კანონად ქცევას. და როცა ეს კანონპროექტი გავა, კობახიძეს ერთ საინტერესო შინაარსის SMS გავუგზავნი”, – წერს ლევან გოგიჩაიშვილი.

შეგახსენებთ, პრემიერმა დღეს განაცხადა: ავზარდოთ გადასახადები ონლაინ კაზინოებისთვის, აიკრძალოს რეკლამა – მეორე ეტაპზე ონლაინ კაზინო.

კომენტარები
იტვირთება...