ლევან გოგიჩაიშვილი: მთაწმინდა არ აირჩევს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, არ აირჩევს ადეიშვილის მემკვიდრეობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, მთაწმინდის შუალედური არჩევნების შედეგები ადასტურებს მოცემულობას – ხელისუფლება დგას ცენტრალური ქალაქების განწყობაზე.

“ეს არის მთაწმინდა და მთაწმინდა არ აირჩევს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, არ აირჩევს ადეიშვილის მემკვიდრეობას. რეალურად, პიროვნულად პატივისცემას ყველა ადამიანს ვუდასტურებთ, მაგრამ ვინ უნდა აერჩია მთაწმინდას, ადამიანი, რომელიც პარლამენტში შემოვიდოდა და ამ მოსამართლეებს დაუჭერდა მხარს? მთაწმინდელს რატომ უნდა დაენახა თავისი გამარჯვება ლადო კახაძეში? მას პიროვნულად არ ვეხები, ვამბობ პოლიტიკური კონტექსტის თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც დედაქალაქის მერია, საკრებულო, პარლამენტი მობილიზებული იყო, ძალიან დაბალი შედეგი აქვს “ოცნებას”.

რა რესურსებიც დახარჯეს მთაწმინდაზე, იმის 20% არ იყო შედეგი. ეს ნიშნავს, რომ თბილისმა აბსოლუტურად მიიღო გზავნილი, რომ მორალური ხაზი “ნაციონალურ მოძრაობასა” და ქართულ ოცნებას” შორის წაშლილია. დედაქალაქში ეს მიღებულია, როგორც მოცემულობა. ხელისუფლება დგას ცენტრალური ქალაქების განწყობაზე”, -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა IPRESS-თან საუბრისას.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს, ბლოკი “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” შალვა შავგულიძესა და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატ ლადო კახაძეს შორის, მეორე ტური გაიმართება. 19 მაისის მაჟორიტარული არჩევნების შედეგებით: ვლადიმერ კახაძე 41,28%, ხოლო შალვა შავგულიძე 36,72% ხმების რაოდენობა მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად